შრომა, მიზანდასახულობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ის თვისებებია, რომელიც ქალს ძლიერ ლიდერად აქცევს. მათი წარმატება, გარკვეულწილად, ეფუძნება უნარს, გავლენა მოახდინონ ადამიანებზე, მიიღონ პასუხისმგებლობა და არ შეეშინდეთ ცვლილებების. სწორედ, ასეთ ქალებზე გვიყვება ეს პროექტი, მათზე, ვინც საკუთარი ძალისხმევით, პროფესიონალიზმისა და ლიდერობის მაგალითი შექმნა.
ქალთა პროექტის მონაწილეები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. განსხვავებულია თითეულის გზაც წარმატებისკენ, თუმცა ყველას აერთიანებს მნიშვნელოვანი სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ და სხვებისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცნენ.
მოვისმინოთ მათი ისტორიები და გავიგოთ როგორი იყო გზა წარმატებამდე.
ლელა ლომთაძე
მე ვარ ლელა ლომთაძე, მუსიკოსი მსახიობი. ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ მუსიკალურ სტილში ვიმუშავე, სხვადასხვა ჯგუფებთან და ინდივიდუალურ შემსრულებლებლთან, ამიტომ ჩემმა მუსიკალურმა გემოვნებამ მასშტაბური სახე მიიღო; ინდივიდუალურ პროექტებზე დავიწყე მუშაობა (მუსიკალური კლიპები, რომლის ავტორი, შემსრულებელი და რეჟისორი თავად გახლდით) და არაერთ საერთაშორისო ფესტივალში გავიმარჯვე, რამაც კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა, რომ ჩემს მუსიკასთან ერთად, სხვისი მუსიკაც, ჩემებური ინტერპრეტაციით დავუკრა ან ვიმღერო. ამჟამად ვმოღვაწეობ ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში მსახიობად და ასევე, მუსიკალურ საღამოებს ვატარებ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რაც კიდევ დიდ სტიმულს მაძლევს ბევრი ვიმუშავო საკუთარ თავზე, რომ ჩემი მუსიკით ბევრ ადამიანს მივანიჭო სიამოვნება.
ჩემში მუსიკა ბავშვობიდან შემოიჭრა, მამა და დედა ოპერის თეატრის წამყვანი მომღერლები იყვნენ. ასეთმა საოპერო გარემომ, ხელოვნებამ განაპირობა ის, რომ ვიოლინოზე შემიყვანეს… რადგან ჩემი მშობლები მომღერლები იყვნენ, სიმღერაც ბუნებრივად ამოიფრქვა ჩემში, ვიოლინოსთან ერთად, სიმღერას, სრულყოფილებისთვის, ჩემი არტისტულობაც მივამატე. თავდაპირველად, ჩემს მშობლებს საოპერო ჟანრში ვბაძავდი, შემდეგ საესტრადო კუმირებმაც თავისი კვალი დატოვეს და ასე ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი ინდივიდუალურ არტისტად – ჩემი იმიჯით, რომელიც დღესაც საკმაოდ მრავალფეროვანია და საინტერესო ჩემი მსმენელებისთვის. ვთვლი, რომ არტისტი უნდა იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო და მუდამ სიახლის ძიებაში.
ყველა გზა რთულია გასავლელად, მაგრამ როცა გაქვს მიზანი, ყოველთვის მოიძებნება სხვადასხვა მცდელობა, შენს მიზანს მიაღწიო, მით უმეტეს ხელოვნებაში, როდესაც მუდამ ძიებაში ხარ. მქონდა რთული გამოწვევები, მაგრამ არ გავჩერებულვარ, რადგან ყოველი ნაბიჯის შედეგად საკუთარ თავშიც ბევრ სიახლეს აღმოვაჩენდი ხოლმე და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა მევლო მხოლოდ წინ, იმ მიზნისკენ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ბედნიერებას მანიჭებდა და მანიჭებს ახლაც.
უნდა იცოდე რა გსურს და რა გინდა, რომ გააკეთო. მთავარია იდეა, მიზანი იმ იდეის განსახორციელებლად და ქმედება. როცა ზუსტად იცი რა გსურს, ინტუიციაც გეხმარება, რომ იმოქმედო.
აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ის მეორე მე, რომელიც ბევრად საინტერესოს გახდის თქვენს ცხოვრებას და მომავალში სიახლეებს მოგიტანთ. იყავით კეთილი, შეუპოვარი და მიზანდასახული, მადლიერი სამყაროსი, ღმერთის, რომელმაც ამქვეყნად რაღაც მისიისთვის მოგავლინათ. იხარეთ ყოველი დღით, რომელიც ბადებს ხვალინდელს!
ნათია ფხაკაძე
მე ვარ ნათია ფხაკაძე, 42 წლის. მაქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, ვარ ექიმი-რადიოლოგი. ამასთანავე, ვარ სამი შვილის დედა. თუმცა, პროფესიულ ცხოვრებაში გზა მედიცინის მიღმა გაგრძელდა. მეუღლესთან ერთად, საოჯახო ბიზნესის იდეებმა უფრო მიმიზიდა და, საბოლოოდ, სწორედ ამ სფეროში აღმოვჩნდი. დღეს მთლიანად ჩართული ვარ ჩემი რესტორნის მართვაში და ეს საქმე ჩემი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კარიერა მედიცინიდან დავიწყე, მოგვიანებით ბიზნესის სფეროში გადავინაცვლე. თავდაპირველად, მეუღლესთან ერთად, ვმუშაობდით გადაზიდვების მიმართულებით, ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის ფილიალს ვხელმძღვანელობდით. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვასწავლა პასუხისმგებლობა, სისტემური მუშაობა და ადამიანებთან ურთიერთობა. მოგვიანებით, მეუღლეს რესტორნის შექმნის იდეა გაუჩნდა. პროექტში თანდათან ჩავერთე, დღეს უკვე მთლიანად მაქვს გადაბარებული მისი ყოველდღიური მართვა და განვითარება.
„პალატი“ უკვე 13 წელია არაერთი სტუმრის საყვარელი ადგილია. ჩემი ყოველდღიურობა უკავშირდება როგორც ბიზნესის მართვას, ისე სტუმრებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი სასიამოვნო, კომფორტულ გარემოში დაფასებულად იგრძნოს.
რა თქმა უნდა, გზა მარტივი არ ყოფილა. სფეროს შეცვლა, ახალი საქმის სწავლა და ამ ყველაფრის ოჯახთან შეთავსება, საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამი შვილის დედა ხარ და პარალელურად ბიზნესის პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. ასეთ დროს ყველაზე მეტად მიზანდასახულობა, შრომა და საკუთარი საქმის სიყვარული მეხმარებოდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც საერთო ხედვას ქმნი, რთული პერიოდებიც უფრო მარტივად გადაილახება.
ჩემი აზრით, წარმატება ერთ რამეზე არ დგას. მნიშვნელოვანია შრომა, თანმიმდევრულობა, ადამიანებთან სწორად ურთიერთობა და საქმის სიყვარული. ასევე, აუცილებელია მზადყოფნა, რომ შეიცვალო მიმართულება, ისწავლო ახალი და არ შეგეშინდეს თავიდან დაწყება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი გუნდის შექმნა. რაც არ უნდა კარგი იდეა გქონდეს, წარმატებას მარტო ვერ მიაღწევ. როდესაც შენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც საერთო მიზანს იზიარებენ და საქმეს ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც შენ, შედეგიც ბევრად უფრო ძლიერი და მდგრადია. სწორედ, თავდაუზოგავი შრომისა და ძლიერი გუნდის ერთობლიობა ქმნის წარმატებას
ქალებს ვურჩევდი ნუ დაელოდებიან იდეალურ მომენტს, რადგან ის თითქმის არასდროს დგება. დაიწყეთ იმით, რაც გაქვთ და სადაც ხართ. შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ ისინი გამოცდილებად იქცევა. ცხოვრება ხშირად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მთავარია, არ შეგეშინდეთ ცვლილებების, ისწავლოთ ახალი და არ დანებდეთ პირველი სირთულეების დროს. ქალებს შეუძლიათ ერთდროულად იყვნენ პროფესიონალები, დედები და ლიდერები და საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ.
ელენე ჯანაშია
მე ელენე ჯანაშია ვარ, შეფ-კონდიტერი. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ქუთაისში, წლების განმავლობაში ვმართავ ფრანგული სტილის კაფე „ბულანჟერია ელლეს“, რომელიც სტუმრებისთვის არა მხოლოდ საყვარელ ადგილად, არამედ ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. განსაკუთრებული მომენტებისთვის, მთელი გულით ვქმნით ტორტებს, დესერტებსა და საკონდიტრო ნაწარმს. ეს საქმიანობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების წესია.
ყველაფერი სახლიდან დაიწყო… თავიდან სახლში ვამზადებდი დესერტებს და თითოეულ ნამუშევარში დიდ სიყვარულს ვდებდი. მაშინ, ამ სფეროში, არც პროფესიული განათლება მქონდა და არც დიდი შესაძლებლობები, მაგრამ იყო დიდი სურვილი, მუდმივად მესწავლა და განვვითარებულიყავი. ვესწრებოდი ონლაინ კურსებს და ცოდნას ვიღრმავებდი სხვადასხვა უცხოელ შეფ-კონდიტერებთან. საათობით ვაკვირდებოდი მათ მუშაობას, ვსწავლობდი ახალ ტექნიკას, რეცეპტებსა და თანამედროვე ტენდენციებს. ცოდნა კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ჩემი ოცნებისკენ.
მალე მივხვდი, რომ მხოლოდ დესერტების შექმნა აღარ იყო საკმარისი. გაჩნდა იდეა, მქონოდა ჩემი სივრცე, ჩემი ოცნების კაფე-საკონდიტრო. გავრისკე და ქუთაისში შევქმენი ადგილი, რომელიც იმ დროისთვის სრულიად განსხვავებული იყო ფერებით, ატმოსფეროთი, ხარისხითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით.
წარმატების გზა არასოდეს არის მარტივი. იყო ბევრი შრომა, პასუხისმგებლობა, რთული გადაწყვეტილებები და გამოწვევები. როდესაც რაიმე ახალს ქმნი, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ თავიდან შეიძლება ყველასთვის გასაგები არ იყოს შენი იდეა, მაგრამ არასოდეს შემიწყვეტია საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა. ყოველი სირთულე გამოცდილებად და განვითარების შესაძლებლობად იქცა. ვფიქრობ, სწორედ მოთმინებამ, შრომამ და საქმის სიყვარულმა მომიყვანა დღევანდელ შედეგამდე.
წარმატების საფუძველი შრომა, პასუხისმგებლობა, დისციპლინა და საკუთარი საქმის სიყვარულია. როდესაც საქმეს გულით აკეთებ და ხარისხზე არასოდეს ამბობ უარს, ადამიანები ამას მაშინვე გრძნობენ. წარმატება ერთ დღეში არ მოდის. ის ყოველდღიური შრომის შედეგია.
გოგონებს, ქალებს ვურჩევ, უპირველესად, ენდონ საკუთარ თავს. არ შეეშინდეთ ოცნებების, ახალი იდეებისა და რისკის. ხშირად ყველაზე დიდი წარმატება სწორედ იმ ნაბიჯების უკან დგას, რომლებიც თავდაპირველად ყველაზე რთული ჩანს. მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, შრომა და საკუთარი მიზნის ერთგულება.
ეს ბიზნესი ჩემი ოჯახია. დღის უდიდეს ნაწილს აქ ვატარებ და თითოეული დეტალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლებიც ოჯახის წევრებივით მყავს, მათ ყველაფერში ვენდობი. ბედნიერებაა, რომ ამ გზაზე მარტო არ ვარ, საქმეში მთელი ოჯახია ჩართული. კაფეს ინტერიერის დიზაინერი ჩემი ქალიშვილია, მისმა ხედვამ სივრცეს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა.
ყველაზე დიდი ბედნიერება კი სტუმრების სიყვარულია. ქუთაისმა თავიდანვე ძალიან შეგვიყვარა და გვერდში დაგვიდგა. დღეს, უკვე, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოს მასშტაბით გვიცნობენ. ხშირად ადამიანები ჩვენი ოფიციალური სახელით კი არა, იმ სახელებით მოგვმართავენ, რომლებიც თავად შეგვარქვეს: „ფინქსი“, „ვარდისფერი კაფე“, „ბულანჟერია“ ან უბრალოდ „ელე“. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი აღიარება, რაც შეიძლება ადამიანებისგან მიიღო.
სწორედ ეს სიყვარული, ნდობა და ერთგულება გვაძლევს ძალას, ჩვენი სტუმრებისთვის ყოველდღე შევქმნათ რაღაც ლამაზი, გემრიელი და განსაკუთრებული.
მარიამ მჟავია
პროფესიით სოციოლოგი და ზოგადი განათლების ადმინისტრირების მაგისტრი გახლავართ. თუმცა, ამჟამინდელი ჩემი საქმიანობა სულ სხვა სფეროს უკავშირდება. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიცია და სოციალურ მედიაში კონტენტ კრეატორის საქმიანობა.
ასევე, მეგობრებთან ერთად, ვარ ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეისბუქ ჯგუფის, „სიახლე ქუთაისში“ თანადამფუძნებელი, რომელიც ქუთაისის შესახებ სიახლეების გავრცელებას და თანაქალაქელებს შორის სხვადასხვა ინფორმაციის გაცვლას ემსახურება.
ჯგუფი 5 წელია ფუნქციონირებს და 93K-მდე წევრს ითვლის. ამ პერიოდში ვითანამშრომლეთ ასობით კომპანიასთან სხვადასხვა პიარ-კამპანიების ფარგლებში და ჩავერთეთ არაერთ სოციალურ პროექტში.
გარდა ამისა, ვიკავებ რეგიონში წამყვანი სამედიცინო კლინიკების პიარ-მენეჯერის პოზიციას, ვზრუნავ მათი იმიჯის შექმნასა და მართვაზე.
სულ ახლახან კი ჩამოვაყალიბე მარკეტინგული სააგენტო „ექო ფროდაქშენი“, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს ბრენდის ზრდასა და ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება ძლიერი, ვიზუალური და სტრატეგიული კომუნიკაციის გზით, ის მხოლოდ რეალურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
ჩვენ შევქმნით ბრენდის იდენტობას და გავაძლიერებთ მათ ხმას არამხოლოდ ციფრულ სამყაროში. გვიხარია, რომ უკვე ვთანამშრომლობთ კომპანიებთან და ერთად ვდგამთ ნაბიჯებს წარმატებისკენ.
ჩემი საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. ვემსახურები ამა თუ იმ კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის თუ მომსახურების ცნობადობის ზრდას და დადებითი რეპუტაციის შექმნას. კარიერა კი სულ პატარა ნაბიჯებით, საკუთარი თავის რწმენით, ენთუზიაზმით, საქმისადმი უდიდესი სიყვარულითა და პასუხისმგებლობის სრული შეგრძნებით დავიწყე. ძალიან დასაფასებელი იყო ახალბედა კომპანიებთან თანამშრომლობა, მათი პროდუქტების რეკლამირება, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე საჯარო სივრცეებში. ეს ყველაფერი კი მსხვილი და უკვე წარმატებული კომპანიების პიარ სტრატეგიებზე მუშაობით გაგრძელდა.
გზა, რომელიც აქამდე გავიარე, იყო პროფესიული გამოწვევით აღსავსე და უამრავი დაბრკოლების გადალახვა დამჭირდა. თითოეული ჩემი წარმატებული ნაბიჯი დაკავშირებულია უზომოდ დიდ შრომასთან, სწორად დასახულ მიზნებთან და ასევე, გამართლებასთანაც. თუმცა, სანამ ამ სფეროს დავუკავშირებდი ჩემს საქმიანობას, უნივერსიტეტში სწავლისას, პირველი კურსიდანვე, მუდმივად ვმუშაობდი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც პროფესიული უნარების განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა გამოცდილებების შეძენისთვის.
ვფიქრობ, სწორედ ამ წლებში დაგროვილი გამოცდილება, უნარები და ჩემი ხასიათის თავისებურებები არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც წარმტებისკენ მიმავალ გზაზე, სხვადასხვა პრობლემების გამკლავებაში დამეხმარა.
გამოვყოფდი რამდენიმე ფაქტორს, რაც, ვფიქრობ, აუცილებლად დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. პირველ რიგში, ეს არის იმ საქმის სიყვარული და ინტერესი, რასაც ვემსახურებით, შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება. მეორე მთავარი ფაქტორი, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაა. ჩემი წარმატებულობაც, სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა. ასევე, მაქსიმალიზმმა, რაც ხასიათში მაქვს, საქმის ბოლომდე და მთელი გულით შესრულება.
ქალბატონებს ვურჩევ, არასდროს დაკარგონ ძიებისა და სიახლეების აღმოჩენის სურვილი. თუ წარმატების მიღწევის გზა გართულდა და მიზანი ისეთი ცხადი და ნათელი აღარ არის, ფარ-ხმალი არავითარ შემთხვევაში არ დაყარონ და არასდროს დაიხიონ უკან. რადგან ის, რაც ერთ დროს დაიჯერეს, რომ აუცილებლად გამოუვიდოდათ, დაუღალავი შრომითა და პატარ-პატარა გონივრული ნაბიჯებით, აუცილებლად მიიღწევა. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენი თვითრწმენის რყევას შეეცდებიან, მაგრამ ამ დროს სიმტკიცის და თავდაჯერებულობის გამოჩენა, ყოველთვის სწორ რელსებზე დაგაბრუნებთ. ყველა ახალბედა სპეციალისტს ამ სფეროში ვურჩევდი, არ ითაკილონ არაფერი, იშრომონ დაუღალავად, იყვნენ ინტერესიანები, მაძიებლები, კრეატორები და წინ წამოწიონ საკუთარი ინდივიდუალიზმი, რითაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდიან საკუთარ პერსონას.
ასევე, აუცილებელია საზოგადოებაში პოზიტიური განწყობის შექმნა და თავაზიანი კომუნიკაცია. თითოეული ადამიანი და მათთან რამდენიმეწუთიანი კონტაქტი თუ თანამშრომლობა, არის იმ სოციალური კაპიტალის ნაწილი, რაც, საბოლოო ჯამში, უდიდესი კონტაქტების არმიას ქმნის, ეს ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ნათია გურეშიძე
ნათია გურეშიძე – სადღესასწაულო კომპანია Flowers Lovers-ის დამფუძნებელი, ფლორისტ-დიზაინერი, ღონისძიებების ორგანიზატორი და დეკორატორი.
20 წელია ვქმნი განსაკუთრებულ გარემოს ადამიანებისთვის, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეებში, იქნება ეს გამოსაშვები საღამო, ქორწილი, იუბილე თუ სხვა ღონისძიება.
ჩემი საქმიანობა მხოლოდ დიზაინითა და დეკორაციის ინსტალაციით არ შემოიფარგლება, ეს არის ემოციების, შთაბეჭდილებების, მოგონებებისა და დაუვიწყარი მომენტების შექმნა.
ყველაფერი დიდი სიყვარულითა და ინტერესით დაიწყო. თავიდან ყვავილების პატარა სალონი მქონდა, შემდეგ ღონისძიებებზე ვმუშაობდი, თითოეულ დეტალს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, იქნებოდა ეს ყვავილის უმცირესი დეკორი თუ სადღესასწაულო ცერემონიის დაგეგმვა.
წლების განმავლობაში წარმატებით ვთანამშრომლობ ქუთაისის სამ წამყვან რესტორანთან და ვიმუშავე არაერთ მასშტაბურ კორპორატიულ ღონისძიებაზე, სხვადასხვა კომპანიების გახსნის ცერემონიებზე, გრანდიოზულ ქორწილებისა და ყველაზე გახმაურებული გამოსაშვები საღამოების დიზაინზე. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ჩემი საქმიანობის გეოგრაფია გაიზარდა და, უკვე კარგა ხანია, დღესასწაულების დაგეგვმა თითქმის მთელ საქართველოში მიწევს.
ჩემთვის განსაკუთრებულია უდიდესი პროექტები. თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ხელისმოწერის ცერემონიები, არაერთი სახალხო ღონისძიება, ფესტივალები, ქორწილები, ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტები, ბოლო ზარები და ბანკეტები, რომელთაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე, აღვნიშნავ სხვადასხვა ქალაქში გამართული კონცერტებისა და კორპორატიული ღონისძიებების გაფორმებას, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, პროფესიული აღიარებაა. ვფიქრობ, დიზაინერის წარმატებას ყველაზე კარგად სწორედ შესრულებული პროექტები, კლიენტების ნდობა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება განსაზღვრავს.
პირველი ნაბიჯები მარტივი არ ყოფილა, თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ შრომა და ხარისხი აუცილებლად დაფასდებოდა. თითოეული პროექტი ჩემთვის გამოცდილების დაგროვებისა და განვითარების შესაძლებლობა იყო.
რა თქმა უნდა, წარმატების გზა არასოდეს არის მარტივი. უამრავი სირთულე, დაუღალავი შრომა, პასუხისმგებლობა და ბევრი გამოწვევა მქონდა. თუმცა, მიზანდასახულობა, საკუთარი საქმის სიყვარული და მუდმივი განვითარება მეხმარებოდა, რომ არასოდეს გავჩერებულიყავი. ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების ნდობა მაძლევდა ძალას, ვინც საკუთარ მნიშვნელოვან დღეს მანდობდა.
მიმაჩნია, რომ წარმატების მთავარი საიდუმლო შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის სიყვარულია. როდესაც საქმეს გულით აკეთებ და მუდმივად ცდილობ უკეთესი შედეგის მიღწევას, წარმატებაც თანდათან მოდის.
ასევე, ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენაა. არ უნდა შეგეშინდეთ ოცნებების, ახალი იდეების და გამოწვევების. წარმატება ერთ დღეში არ მოდის. ის მოითხოვს მოთმინებას, შრომას და გამბედაობას. ქალებს უდიდესი ძალა და შესაძლებლობები გვაქვს. თუ გჯერა საკუთარი თავის და არ ნებდები, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ყოველი წარმატებული პროექტის უკან დგას სიყვარული, შრომა და რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ზურა ჯიბლაძე,
ლანა ვახტანგაძე
თეკლა ჟორჟოლიანი

1 week ago
36







English (US) ·
Georgian (GE) ·