#OK! დათო კენჭიაშვილი „საქართველოს ოქროს ხმა“, რომელიც ადამიანებს საკუთარ ფესვებთან აბრუნებს

2 hours ago 4

არსებობენ შემსრულებლები, რომელთა ხმა ადამიანებზე განსაკუთრებულ ემოციურ გავლენას ახდენს. მათი ნამღერი დადებითი ვიბრაციების მატარებელია, აღვიძებს მოგონებებს, აძლიერებს საკუთარ ფესვებთან კავშირს და მსმენელში იმ შინაგან განცდებს იწვევს, რომელთა სიტყვებით გადმოცემა ხშირად შეუძლებელია. დათო კენჭიაშვილი სწორედ იმ ხელოვანთა შორისაა, რომელმაც ქართული ფოლკლორის საუკუნოვანი ენერგია მსოფლიო აუდიტორიამდე მიიტანა და დაამტკიცა, რომ ნამდვილ მუსიკას ენობრივი, კულტურული თუ გეოგრაფიული საზღვრები არ გააჩნია. მის ინტერპრეტაციებს მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, მისი შესრულებული „იორო“ სხვადასხვა ეროვნების მსმენელში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს, ატირებს, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის მნიშვნელობა მათთვის უცნობია. თავად ამ ფენომენს ქართული მრავალხმიანობის, არქაული ენერგეტიკისა და იმ სულიერი კოდის ძალით ხსნის, რომელიც ადამიანების გულამდე ყოველგვარი თარგმანისა და განმარტების გარეშე აღწევს. თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა პოპულარობა, არამედ ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ამ მემკვიდრეობას თან ახლავს. დათოსთვის მთავარია, შეინარჩუნოს წინაპრებისგან მიღებული უნიკალური ხმოვანი საგანძური, საკუთარი ხელწერით გაამდიდროს ის და მომავალ თაობებს გადასცეს, როგორც ეროვნული იდენტობის, სიყვარულისა და სულიერი სიმტკიცის ცოცხალი მაგალითი.

ბატონო დათო, მსმენელმა „საქართველოს ოქროს ხმა“ და „საქართველოს ბულბული“ შეგარქვათ. თქვენი აზრით, რა არის მთავარი ძალა, რომლითიც თქვენი ნამღერი ასე პირდაპირ მიდის ადამიანების გულამდე?

ამ სტატუსის მონიჭება იმ ადამიანების არჩევანია, ვისაც უყვარს ჩემი შემოქმედება. ცხადია, უდიდესი განცდაა, როდესაც ასე მოგიხსენიებენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კავკასიასა და მერე უკვე მთელ მსოფლიოში. ისიც გამიგია, თითქოს ჩემს ხმას თერაპიული თვისებები აქვს. მართლაც, ყველა ვოკალს სამკურნალო თვისება არ აქვს. ეს ყველაფერი ადამიანის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თითოეული ჩვენგანი, ნებსით თუ უნებლიეთ, გარემოს ემორჩილება და შესაბამის ბგერას გამოსცემს, თუნდაც უბრალო საუბრის დროს. ჩემი მთავარი ძალა ჩემი განცდა და შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც წარსულსა და აწმყოს ჰარმონიულად აერთიანებს. ამიტომ არის, რომ ჩემი სიმღერა ადამიანების გულამდე პირდაპირ მიდის.

თქვენ ბევრს მუშაობთ ბავშვებთან. რა ყალიბდება ადამიანის ქვეცნობიერში, როცა ის ადრეული ასაკიდანვე იზრდება ამ დადებით, ეთნოვიბრაციებზე?

ჩემი აზრით, სიმღერის სწავლა უმარტივესია, მისი გადმოცემაა რთული. ჩემს მოსწავლეებს სწორედ სიმღერის გადმოცემას ვასწავლი. ამაში მეხმარება იმ გენიალური ადამიანების ნაშრომები, როგორებიც იყვნენ: მარო თარხნიშვილი, ჰამლეტ გონაშვილი, ძმები კავსაძეები, გოგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე, ლელა თათარაიძე… და არა მარტო ქართველი გენიოსები, არამედ უცხოელებიც: მაილს დევისი, ეტა ჯეიმსი, ელა ფიცჯერალდი, ჰერბი ჰენკოკი, ქვინსი ჯონსი და მრავალი სხვა. ადრეული ასაკიდან ამ სამყაროში ინტეგრირებისას, ბავშვების ქვეცნობიერი მიექანება არა რუტინულ, ყოველდღიურ ყოფასთან შეგუებისკენ, არამედ მშვენიერებისკენ, რომელიც გარდამტეხ როლს თამაშობს სრულფასოვან ადამიანად ფორმირებაში. ადამიანი არ იბადება მხოლოდ ერთხელ, მას რამდენიმე დაბადება აქვს. მეორედ თუნდაც იმ დროს იბადები, როდესაც აღებ კარს სამყაროში, რომელსაც ხელოვნება ჰქვია. ამ დროს სწორი იქნება ითქვას, რომ ადამიანი სამყაროს უმაღლესი ქმნილებაა.

თქვენს შემოქმედებას სოციალურ ქსელებში მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. რა არის ქართული ეთნოკულტურის მთავარი, „უკონკურენტო“ უპირატესობა მსოფლიო ხელოვნებაში?

ჩემი შემოქმედება მხოლოდ ქართული ან კავკასიური არ არის, ის მთელ მსოფლიოს მოიცავს. მასში მრავალი ჟანრი იყრის თავს, თუმცა საფუძველი და მთავარი ღერძი ჩვენი უდიდესი განძი – ფოლკლორია. მე ამ ვიბრაციებზე ავიდგი ფეხი და ამოვუშვი ხმა. ქართული იყო ამის მაპროვოცირებელი, ამიტომ ის ჩემთვის შეუფასებელია. თქვენ დამისვით კითხვა, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ ასე მსოფლიოს გაერთიანება. მე გიპასუხებთ: პატარა ქვეყანამ კი არა, მსოფლიო დიდი საქართველოს პატარა მდინარემ გააერთიანა, რომელსაც იორი ჰქვია. ეს რეზონანსი თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის, „იოროს“ ჩემეულმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია. მე ვფიქრობ, საქართველოს უკონკურენტო უპირატესობა მსოფლიო ხელოვნებაში არის ჩვენი ინდივიდუალიზმი, პოლიფონია და მრავალხმიანობა, ეს არის ხელოვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

სიმღერა „იორო“ ნამდვილ ფენომენად იქცა. უცხოელები ტირიან, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი არ ესმით. რა იმალება სიტყვებს მიღმა, რაც პირდაპირ ადამიანის სულამდე აღწევს?

სიმღერა „იორო“ მართლაც საოცარი და, ამავდროულად, კანონზომიერი ფენომენია. როდესაც მუსიკა ენობრივ ბარიერს შლის და ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ატირებს, ეს იმის ნიშანია, რომ ის ადამიანის სულის ენაზე მეტყველებს. ამ ფენომენის მიღმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმალება: გენეტიკური კოდი და არქაული ენერგეტიკა. ეს არის კოდი, რომელსაც გონებით ვერ ახსნი, მაგრამ გული მომენტალურად გრძნობს. მუსიკაში შეუძლებელია ემოციების გაყალბება, მსმენელი ყოველთვის გრძნობს შემსრულებლის მდგომარეობას.

ციფრულ სამყაროში თითქმის წარმოუდგენელია ხელოვანს „ჰეითერები“ არ ჰყავდეს, თქვენს ვიდეოებს კი მხოლოდ სიყვარულით სავსე კომენტარები აქვს. რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ხელოვანი, რომელიც საზოგადოებას ასე უპირობოდ აერთიანებს?

ეს მართლაც იშვიათი მოვლენაა დღევანდელ რეალობაში და, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც სოციალური მედია ხშირად გადამეტებული კრიტიკითა და ნეგატივით არის სავსე. როდესაც არტისტი ახერხებს, ამხელა აუდიტორიისგან მხოლოდ მადლიერება და სიყვარული მიიღოს, ამის მიღმა რამდენიმე ღრმა ფსიქოლოგიური ფაქტორი დგას. უპირველესად, გულწრფელობა. როდესაც ნამდვილი ხარ, მსმენელი, განსაკუთრებით ქართველი, მომენტალურად გრძნობს სიყალბეს. „ჰეითერებს“, როგორც წესი, საკბილო მაშინ ეძლევათ, როდესაც არტისტის ქცევაში ამპარტავნებას, სიყალბეს ან გადამეტებულ პათოსს ხედავენ. ჩემი შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართულ ფესვებთან, ტრადიციულ ელემენტებსა და იმ ჟღერადობასთან, რომელიც თითოეული ქართველის გენეტიკურ კოდშია. ეს არ არის უბრალოდ გასართობი მუსიკა, ეს არის ხელოვნება, რომელიც ადამიანს საკუთარ იდენტობასთან აბრუნებს. ძალიან ბევრ ემიგრანტს უთქვამს, რომ ჩემი სიმღერა აძლებინებს, უმსუბუქებს უცხო ქვეყანაში არსებობას… ჩემი სიმღერა მათთვის იქნებ სულიერი თავშესაფარიც არის უცხო გარემოში, სადაც სხვა კულტურა და ცივი გარემოა. არის ალბათობა, რომ სიმღერის მოსმენისას გარემო მათთვის უსაფრთხო, მშობლიურ სივრცედ იქცევა, ადგილად, სადაც შეუძლიათ იტირონ, მოეფერონ თავიანთ მოგონებებს და სულიერად განიტვირთონ. როდესაც ხელოვანი ხალხის „ტკივილის გამაყუჩებელი“ და მათი იმედის წყარო ხდება, იქ „ჰეითისთვის“ ადგილი აღარ რჩება. იმიტომ კი არა, რომ ნაკლი არ მაქვს, უბრალოდ, გარემო იქმნება ასეთი. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ბევრად აღემატება ნებისმიერ მუსიკალურ ჯილდოს.

ეს საოცარი მუსიკალური ნიჭი და ხმის ტემბრი თქვენს ოჯახში გენეტიკურია. რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა ამ გენეტიკური კოდის ტარება?

როდესაც ნიჭი და ტემბრი გენეტიკური კოდით გადმოგეცემა, ეს მხოლოდ საჩუქარი არ არის, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ კოდის მომავალი თაობებისთვის გადაცემა ორმაგად რთული და სათუთი პროცესია, რადგან ის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს აერთიანებს. პირველი, მოლოდინების სიმძიმე და საკუთარი ხელწერის პოვნა. როდესაც ოჯახიდან გადმოგყვება ასეთი მემკვიდრეობა, საზოგადოებას თავიდანვე ძალიან მაღალი თამასა აქვს დაწესებული. შენ არ გაქვს უფლება, იყო უბრალოდ კარგი, შენგან ყოველთვის საუკეთესოს ელიან. ყველაზე დიდი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამ გენეტიკურ ნიჭს არ დაეკარგოს ინდივიდუალურობა. გამოწვევაა, აიღო ის ბაზისი, რაც სისხლით მოგყვება, მაგრამ მასში იპოვო შენი საკუთარი სათქმელი და ჟღერადობა, რომელიც მხოლოდ შენი იქნება და არა უბრალოდ, წინაპრის ასლი. პასუხისმგებლობა იმაშია, რომ არ აჰყვე დროებით ტრენდებს და არ გაცვალო სიღრმე იაფფასიან პოპულარობაზე. ადამიანი ხდები ერთგვარი გუშაგი იმ საგანძურისა, რომელიც შენამდე მოვიდა და რომელიც უცვლელად, თავისი პირველქმნილი სიწმინდით უნდა შეინახო მომავალი თაობისათვის. ამ გენეტიკური კოდის ტარება ანთებული ჩირაღდნის ტარებას ჰგავს, ის გზასაც გინათებს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, რომ არ ჩაგიქრეს. ისე უნდა გადასცე მომავალ თაობას, რომ მისი ცეცხლი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის პასუხისმგებლობა წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

როდესაც თქვენს დასთან, თათიასთან ერთად მღერით, როგორ გეხმარებათ შემოქმედებაში ეს ერთი სისხლისა და საერთო გენის ენერგეტიკა?

როდესაც მე და თათია ვმღერით, იქ მუსიკა სრულიად სხვა განზომილებას იძენს. ეს არის უხილავი, სისხლისმიერი კავშირი, რომელიც შემოქმედებაში რამდენიმე უნიკალურ უპირატესობას გვაძლევს. ჩვენ შორის 11-თვიანი სხვაობაა, როდესაც სცენაზე ან სტუდიაში ვმღერით, ჩვენ არ გვჭირდება ერთმანეთისთვის თვალებით ნიშნის მიცემა იმისთვის, რომ მივხვდეთ, ვინ როდის იწყებს, სად აკეთებს აქცენტს ან სად იღებს სუნთქვას, ეს არის ინტუიციური შეგრძნება, თითქოს ერთი ორგანიზმი მღეროდეს. ერთი სისხლი გვაძლევს უნარს, წინასწარ ვიგრძნოთ ერთმანეთის მუსიკალური ნაბიჯი, რაც შესრულებას საოცრად თავისუფალს, ბუნებრივსა და ორგანულს ხდის. თათიას გვერდით ყოფნისას ჩემი მუსიკალური მუხტი კი არ ორდება, არამედ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს არის ძალა, რომელიც დარბაზში მყოფ თითოეულ ადამიანამდე აღწევს. როდესაც მე და თათია ვმღერით, ეს არ არის უბრალოდ, ორი ადამიანის ნამღერი, ეს არის ერთი გენეტიკური ხის ორი ტოტის საერთო ჰარმონია, რომელიც პირდაპირ წინაპრების ენერგიას აცოცხლებს და გადასცემს ხალხს.

ბატონო დათო, როდესაც საუკუნოვან წარსულსა და მომავალ თაობას შორის დგახართ, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი და რა კვალი გსურთ დატოვოთ ქართველი ხალხის მეხსიერებაში?

როდესაც მე ასეთ ორ განზომილებას: საუკუნოვან წარსულსა და მომავალს შორის ვდგავარ, ჩემი შემოქმედება უბრალოდ მუსიკა ვერ იქნება. ის ხდება ხიდი, ფიცი და მისია. კვალი, რომელიც ქართველი ხალხის მეხსიერებაში უნდა დარჩეს. ალბათ, ამ სამ უმთავრეს ბურჯზე დგას ჩემი ყოველი სცენაზე დგომა. ყოველი ბგერა ხალხს, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, ახსენებს უმთავრესს – ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში უდიდესი გამოწვევაა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება. ჩემი სათქმელიც ის არის, რომ ქართული გენი, ტრადიციული ჟღერადობა და ფესვები არ არის ძველი და მტვერდადებული წარსული, ეს არის ცოცხალი, მძლავრი, ვაჟკაცური და ულამაზესი ენერგია, რომლითაც დღესაც უნდა ვიამაყოთ. ჩემი სიმღერა ამბობს: არ დაკარგოთ საკუთარი კოდი, რადგან მასშია შენი უნიკალურობა და ძალა. ყველაზე დიდი კვალი, რაც კი შეიძლება ადამიანმა დატოვოს, არის ის უპრეცედენტო, სუფთა სიყვარული, რომელსაც კომენტარებში ვხედავ. ჩემი მისიაა, საუკუნოვანი კულტურისგან მიღებული ეს დიდი საუნჯე ავიღო და მომავალ თაობას გადავცე, როგორც სიმტკიცის, გადარჩენისა და სიამაყის სიმბოლო. ეს არის კვალი, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს.

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა