ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, ნეიმარმა, საერთაშორისო კარიერა დაასრულა. გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილია ნორვეგიასთან 2:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ 34 წლის ფეხბურთელი მინდორზე ცრემლებს ვერ იკავებდა. მოგვიანებით კი Globo-სთან საუბარში განაცხადა: „ვცადე, ნამდვილად ვცადე… ახლა ყველაფერი დასრულდა. აქ დავიწყე და აქვე დავასრულე.“
ნეიმარის ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს, აშშ-სთან ამხანაგურ მატჩში შედგა და პირველი გოლიც სწორედ მაშინ გაიტანა. სიმბოლურია, რომ მისი ბოლო სანაკრებო მატჩიც ნიუ-ჯერსის „MetLife Stadium“-ზე გაიმართა, სადაც ნორვეგიასთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და დამატებულ დროში პენალტით თავისი ბოლო გოლი გაიტანა.


ნაკრებში გატარებული 16 წლის განმავლობაში ნეიმარმა 130 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა, რითაც ბრაზილიის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის ასევე მხოლოდ მეორე ბრაზილიელი ფეხბურთელია პელეს შემდეგ, რომელმაც გოლი ოთხ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.
ფორვარდმა კარიერის განმავლობაში ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე და ორ ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშა. 2012 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2016 წელს ბრაზილიას ოლიმპიური ოქრო პირველად მოაგებინა.
ნეიმარის გადაწყვეტილებას ფეხბურთის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ნეიმარი იმ ფეხბურთელთა შორის იყო, ვისი თამაშის სანახავად ბილეთს აუცილებლად იყიდდა.
„მადლობა ყველაფრისთვის. მას ყველგან და ნებისმიერ სტილში შეეძლო თამაში. თავისი ტექნიკით, ღიმილითა და გოლებით მილიონობით ადამიანს ფეხბურთი შეაყვარა. ბევრი ახალგაზრდა სწორედ ნეიმარობაზე ოცნებობდა. მინდა, მას კარიერისთვის გადავუხადო მადლობა და არა მხოლოდ იმისთვის, როგორ დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი,“ – თქვა ანრიმ.
შექების სიტყვები არ დაიშურა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც.
„მას ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც დიდ ფეხბურთელს. „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ შესანიშნავად თამაშობდა. შესაძლოა, ბევრს ეგონოს, რომ უფრო მეტის მიღწევა შეეძლო, რადგან „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო, მაგრამ მისი ნიჭი და ტექნიკა უბრალოდ გამორჩეული იყო. ეს ძალიან სევდიანი დღეა ბრაზილიური ფეხბურთისთვის,“ – აღნიშნა შვედმა ყოფილმა ფეხბურთელმა.
ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით, ნაკრები ახალი ციკლისთვის მზადებას დაიწყებს, თუმცა ნეიმარის წასვლა გუნდისთვის მძიმე დანაკლისია.


4 weeks ago
73







English (US) ·
Georgian (GE) ·