შაკირა კიდევ ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის მუსიკალურ სახედ იქცა – კოლუმბიელმა ვარსკვლავმა Burna Boy-სთან ერთად 2026 წლის FIFA World Cup-ის ოფიციალური სიმღერის, Dai Dai-ს ვიდეოკლიპი წარადგინა.
ოთხწუთიანი კლიპი ფეხბურთის ვარსკვლავების – ლიონელ მესის, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის კადრებით იწყება, რომლებიც ამბობენ: „ შაკირა – ჩვენ მზად ვართ“.
ვიდეო მაიამიში გადაიღეს, რეჟისორი კი Hannah Lux Davis იყო, რომელსაც არაერთ ცნობილ არტისტთან უმუშავია. კლიპში შაკირა მეხიკოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოზე – დამოუკიდებლობის ანგელოზის მონუმენტზე ჩნდება, შემდეგ კი უდაბნოს ფონზე აფრიკელ ბავშვებთან ერთად ცეკვავს.
Burna Boy ვიდეოში თავისი ნაწილის შესრულების დროს ჩნდება, შაკირა კი ვარსკვლავებით სავსე ცის ფონზე მანათობელ გლობუსზე დგას. მოგვიანებით მომღერალი საფეხბურთო სტადიონზეც ჩნდება მოცეკვავეებთან ერთად, რომელთა კოსტიუმებიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშებითაა შთაგონებული.

კლიპში ასევე გამოყენებულია მსოფლიო ჩემპიონატების არქივური კადრები, რომლებშიც ჩანან ლეგენდარული ფეხბურთელები – დიეგო მარადონა, პაოლო მალდინი, რომარიო, კრიშტიანუ რონალდუ, დევიდ ბექჰემი, კაკა და ლიონელ მესი. ვიდეო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფეხბურთის, მუსიკისა და სხვადასხვა კულტურის გაერთიანებაზე.
Dai Dai შაკირასთვის მსოფლიო ჩემპიონატთან თანამშრომლობის მეორე შემთხვევაა. მანამდე მომღერალმა 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩაწერა Waka Waka (This Time for Africa) – სიმღერა, რომელიც FIFA-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიმნად ითვლება. კლიპს დღეს YouTube-ზე მილიარდობით ნახვა აქვს და ის დღემდე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული იქნება იმითაც, რომ პირველად ისტორიაში ტურნირს ერთდროულად სამი ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. ჩემპიონატი 11 ივნისს მეხიკოში, Estadio Azteca-ზე გაიხსნება, ფინალი კი 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში გაიმართება.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შაკირა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის halftime show-ში მადონასა და BTS-თან ერთად მიიღებს მონაწილეობას, რაც სპორტისა და მუსიკის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოუდ განიხილება.


7 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·