ISFED-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი აირჩიეს

1 week ago 4

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), ნინო დოლიძის ვადის ამოწურვის შემდეგ, ლევან ნატროშვილი ახალ აღმასრულებელ დირექტორად აირჩია.

ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ლევანი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. 2012 წლიდან იგი საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. ამასთანავე, ის არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი.

სხვადასხვა დროს ლევან ნატროშვილს  საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE). 

ISFED მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობაში. თუმცა, ბოლო წლებში ორგანიზაცია არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი „ქართული ოცნების“ მხრიდან. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და მის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ადანაშაულებდა ორგანიზაციას, რომ ის საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე ზრახვების მქონე უცხოელი აქტორების სახელით მოქმედებდა. სულ ახლახანს, 6 მარტს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტრებთან საუბრისას ეს ბრალდებები გაიმეორა. მმართველი პარტია დიდი ხანია ადანაშაულებს „სამართლიან არჩევნებს“ და მის დონორს, USAID-ს, არჩევნებზე დაკვირვების მონაცემების ოპოზიციის სასარგებლოდ გაყალბებაში, პოლიტიკური არეულობის გასაღვივებლად. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს ISFED-მა “გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი PVT აღარ გამოაქვეყნეს“ და მოუწოდა პროკურატურას, გამოიძიოს 2020 წლის შედეგებიც, იმ მოტივით, რომ შესაძლოა „ბევრი საინტერესო დეტალი“ გამოვლინდეს.

„სამართლიანი არჩევნები“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მორიგი განცხადებები არაზუსტია. კერძოდ, 2024 წლის არჩევნების PVT-ს შედეგებთან დაკავშირებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განმარტა, რომ ისინი ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შედეგებს, თუმცა, „ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე“.

„სამართლიანი არჩევნების“ სანდოობა ეჭვქვეშ პირველად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დადგა, როდესაც ორგანიზაციამ აღიარა თავისი პარალელური დათვლის შედეგებში არსებული უზუსტობები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არასწორი მონაცემები ოპოზიციის მცდელობის ნაწილი იყო, რაც საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. შეცდომა მოძველებულ პროგრამულ უზრუნველყოფას დაბრალდა, რომელიც სერბული საარჩევნო მოდელს მიყვებოდა და რომელმაც ბათილი ბიულეტენებიც დათვალა. მიუხედავად იმისა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომა 2020 წლის ნოემბერში აღიარა, სრული აუდიტის დასრულებამდე მასზე საჯაროდ საუბრის დაგვიანებამ მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის გადადგომა განაპირობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა