ევროპელი ლიდერები მზად არიან დაელოდონ თურქეთში უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას, სანამ აშშ-ს მოუწოდებენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებისკენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის 12 მაისს გამართული საუბრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამერიკულ მხარეს პუტინზე ზეწოლის გაძლიერებამდე სურს შესაძლებელი გახადოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება, რომელც 15 მაისს, სტამბოლში უნდა გაიმართოს.
Bloomberg-ის წყაროთა ცნობითვე, თუ პუტინი ზელესკისთან შეხვედრაზე უარს იტყვის, ან რუსეთი არ დასთანხმდება ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტას, ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, პირობა შეასრულოს და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედოს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებულია რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები. დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ თუ ზავი არ იქნება აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს აამოქმედებენ.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.
12 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკება გამართა უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დამყარების გზები.