Amnesty International საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს

3 hours ago 4

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ხელისუფლებამ შექმნა კოორდინირებული სისტემა განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ძალაუფლების განსამტკიცებლად.

„საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ რღვევას განიცდის, რადგან მმართველი პარტია სულ უფრო ხშირად მიმართავს ავტორიტარულ მეთოდებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს ხდება მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისადმი მმართველი პარტიის დამოკიდებულებას და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას“, – განაცხადა Amnesty International-მა დღეს.

ახალი ანგარიში — „რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ — აღწერს, თუ როგორ გამოიყენა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა ხელისუფლებამ დეზინფორმაცია რეპრესიებისა და კრიტიკოსთა დისკრედიტაციის იარაღად; როგორ ისარგებლა ბოროტად საპარლამენტო უმრავლესობით რეპრესიული კანონების დაჩქარებული წესით მიღებისთვის; როგორ აქცია სასამართლო და პოლიცია პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტებად; და როგორ სასტიკად ახშობდა საპროტესტო გამოსვლებს ადამიანის უფლებებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფარგლებში. ამ ყოვლისმომცველმა ზომებმა ფაქტობრივად მშვიდობიანი წინააღმდეგობა კრიმინალიზებული გახადა.

„საქართველოს ბოლო სამი წლის გამოცდილება არის მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რა სწრაფად შეუძლია ნებისმიერ ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების მძლავრ რეპრესიულ ინსტრუმენტად გადაქცევა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის — განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

Amnesty International-ს შეფასებით, საქართველოს ბოლო სამი წლის გამოცდილება არის მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რა სწრაფად შეუძლია ნებისმიერ ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების მძლავრ რეპრესიულ ინსტრუმენტად გადაქცევა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის

„საქართველოს ხელისუფლებამ დეზინფორმაცია, ძალადობრივი კანონმდებლობა, პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასამართლოებში უსამართლობა გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების პოტენციური საფრთხისგან დასაცავად. მათ ფაქტობრივად შექმნეს სისტემა, სადაც განსხვავებული აზრის მშვიდობიანად გამოხატვა დანაშაულად მიიჩნევა, სამოქალაქო საზოგადოება ეროვნულ მტრად ითვლება, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ავიწროებენ, დევნიან და გადარჩენის რეჟიმში ამყოფებენ, ხოლო პოლიციის ძალადობის მსხვერპლებს სამართლიანობაზე უარი აქვთ ნათქვამი, ამის ნაცვლად კი მათ თავად დევნიან. ადამიანის უფლებებმა და სამოქალაქო სივრცემ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უკუსვლა განიცადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა.

გთავაზობთ Amnesty International-ს ანგარიშის მოკლე მიმოხილვას:

რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე

„ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ადამიანის უფლებებზე ისეთი ფართომასშტაბიანი და მზარდი შეტევა მიიტანა, რომ რეგიონში აქამდე ყველაზე ცოცხალი სამოქალაქო სივრცე თანდათან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის სულ უფრო მტრულ გარემოდ იქცა.

მმართველმა პარტიამ, დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ რეფორმების ნაცვლად არჩია, ავტორიტარული მეთოდებით თავისი ძალაუფლება კიდევ უფრო განემტკიცებინა. ეს მოხდა საზოგადოებრივი მხარდაჭერის კლებისა და ევროკავშირში გაწევრებისთვის მოთხოვნების შესრულების ვალდებულების ფონზე, რაც, თავის მხრივ, უფრო სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციასა და სასამართლო სისტემის მეტ დამოუკიდებლობას მოითხოვდა.

რუსეთსა და ბელარუსში დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული მეთოდების მსგავსად ხელისუფლებამ შექმნა რეპრესიების კოორდინირებული სისტემა, რომელშიც ოთხი ურთიერთგამაძლიერებელი ინსტრუმენტი – დეზინფორმაცია, შემზღუდველი კანონმდებლობა, პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემა – ერთად მოქმედებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ძალაუფლების გასამყარებლად.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა საგანგაშო ნიშნები, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებზე „ქართული ოცნების“ მზარდი კონტროლი და სამოქალაქო საზოგადოებაზე უფრო ღია თავდასხმა, მიმდინარე რეპრესიების ტალღა რეალურად 2024 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა წარადგინა „უცხოეთის აგენტების კანონი“. მომიტინგეები მას მოიხსენიებდნენ, როგორც „რუსულ კანონს“, კრემლის 2012 წლის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასთან მსგავსების გამო. კანონი პარლამენტმა მრავალკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად მიიღო, ხოლო საპროტესტო გამოსვლები საბოლოოდ ძალადობრივად დაშალეს.

ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესს 2028 წლამდე აჩერებდა. ეს განცხადება გაკეთდა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ისედაც ფართომასშტაბიანი დარღვევებითა და კრიტიკოსების მიმართ ზეწოლით იყო დაღდასმული. ქვეყნის ევროპული კურსის ამ მოულოდნელმა ცვლილებამ – კურსისა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერდა მხარს – გამოიწვია ყოველდღიური საპროტესტო აქციები, რომლებიც უკვე 500 დღეზე მეტია, გრძელდება. INDEX: EUR 56/1142/2026 MONTH/YEAR: JUNE 2026 LANGUAGE: ENGLISH amnesty.org ცემის, დაკავების, დამანგრეველი ჯარიმებისა და პატიმრობის მიუხედავად, მომიტინგეები კვლავაც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში, რაც საქართველოს საზოგადოების გამძლეობისა და მტკიცე მოთხოვნის – უფლებების, ღირსებისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის – ნათელი დასტურია.

ეს ანგარიში ეფუძნება 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის ივნისამდე ჩატარებულ კვლევას, რომელიც მოიცავს დაზარალებულ პირებთან ინტერვიუებს, სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცესებზე დაკვირვებასა და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ შეგროვებულ, ვრცელ დოკუმენტურ მასალას. წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს აღნიშნული რეპრესიების ოთხ ძირითად განზომილებას.

დეზინფორმაციის იარაღის გამოყენება

ხელისუფლებამ შექმნა ის, რასაც კრიტიკოსები „დეზინფორმაციით მმართველობის“ სისტემას უწოდებენ. ორი დომინანტური შეთქმულების თეორია: პირველი, რომ არსებობს ბნელი „გლობალური ომის პარტია“ და მეორე – თითქოსდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას აიძულებენ. ეს ორი ნარატივი გამოყენებულია რეპრესიული კანონმდებლობის, პოლიციის ძალადობის გასამართლებლად და დასავლური მთავრობებისა და ინსტიტუტების კრიტიკის უგულებელსაყოფად.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მომიტინგეებს სისტემატურად აკრავენ „უცხოეთის აგენტების“, „მოღალატეებისა“ და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი პირების იარლიყს, ხოლო ხელისუფლებასთან აფილირებული მაუწყებლები, როგორიცაა „იმედი“ და „პოსტ ტვ“, ამ ნარატივს აქტიურად ავრცელებენ და აძლიერებენ.

დეზინფორმაციამ ხელი შეუწყო ე.წ. პროპაგანდიდან დასჯამდე მექანიზმის ჩამოყალიბებას. ონლაინ გავრცელებული ცრუ ნარატივი ფართოდ გადაიცემა პრო-სამთავრობო მედიით, რაც შემდეგ რეალურ შედეგებში აისახება, მათ შორის –შევიწროებაში, ვანდალიზმში, ფიზიკურ თავდასხმაში, გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნაში. Amnesty International-მა დააფიქსირა კოორდინირებული თავდასხმები, რომლებიც მთავრობის კრიტიკოსებზე სხვადასხვა ცილისმწამებლურ კამპანიას მოჰყვა. მათ შორის იყო პლაკატების კამპანია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს „უსახელო მოღალატეებად“ მოიხსენიებდნენ, სატელეფონო მუქარა 100-ზე მეტი აქტივისტის მიმართ და უცნობი პირების თავდასხმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა დღემდე არავის დაკისრებია.

2025 წლის ბოლოსთვის ცილისმწამებლური კამპანია უკვე იმდენად გამწვავდა, რომ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს – მათ შორის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრს – ბრალად ედებოდათ „შიდა ტერორიზმის“ დაფინანსება. ეს ბრალდებები საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის გამოძიებებსა და აქტივების გაყინვას, რამაც მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი.

კანონის იარაღად გამოყენება

2024 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ყველანაირი შინაარსობრივი კონსულტაციების გარეშე მიიღო არაერთი შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი, მიუხედავად ვენეციის კომისიის, OSCE/ODIHR და გაეროს ექსპერტების არაერთი გაფრთხილებისა, რომ აღნიშნული ზომები არღვევს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს.

2024 წლის კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 2025 წელს მოჰყვა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), რომელმაც შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. 2025 წელს „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი შემზღუდავი ცვლილებები, რომლებიც ყველა უცხოურ დაფინანსებაზე მთავრობის წინასწარ თანხმობას მოითხოვს, მიზნად ისახავდა მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შეწყვეტას, საერთაშორისო პარტნიორებთან პროფესიული თანამშრომლობა კი, სახელმწიფო ნებართვის გარეშე, ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.

სასამართლოებმა „საბოტაჟის“ გაყალბებული გამოძიებების საფუძველზე ყადაღა დაადეს ათზე მეტი წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს. ცნობილი ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, გამჭვირვალობა-საქართველო, იძულებულნი გახდნენ, დაეხურათ ოფისები, ხოლო „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ორგანიზაცია ფინანსურად „პარალიზებულია“.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ფაქტობრივად, კრიმინალიზებულია. 2024 წლის დეკემბრიდან მიღებული ცვლილებებით, გზის სავალ ნაწილზე დგომისთვის დაწესდა 5 000-ლარიანი ჯარიმა (დაახლოებით 1 800 აშშ დოლარი – საშუალო თვიურ ხელფასზე ორჯერ მეტი), ერთი წლის შემდეგ კი უკვე ტროტუარზე დგომაც აიკრძალა. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ადმინისტრაციული დაკავების ვადა – 15-დან 60 დღემდე. 2025 წლის ოქტომბრიდან განმეორებითი საპროტესტო სამართალდარღვევები ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება

პოლიციის იარაღად გამოყენება

პოლიცია, განსაკუთრებით მისი სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, მომიტინგეების წინააღმდეგ დასჯის ინსტრუმენტად გადააქციეს.

2024 წლის საპროტესტო ტალღის დროს ნიღბიანი და არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემდნენ, მათ ე.წ. ცემის კორიდორებში ატარებდნენ და განზრახ ურტყამდნენ თავსა და სახის არეში, მაქსიმალური ტკივილის მისაყენებლად და შემაძრწუნებელი ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად – რაც დადასტურებულია „Omega Research Foundation-ის“ მიერ დაახლოებით 100 მომიტინგეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით. ნაკლებად ლეტალური იარაღი უკანონოდ და სადამსჯელოდ გამოიყენებოდა.

ცრემლმდენ გაზს ესროდნენ კონკრეტულ პირებსა და ხაფანგში მომწყვდეულ ადამიანთა ჯგუფს. გამოყენებული იყო, აგრეთვე, მრავალჭურვიანი საბრძოლო საშუალებები, რომლებიც სამართალდამცავ ოპერაციებში საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს. წყლის ჭავლის რეზერვუარებში შერეული იყო ქიმიური გამაღიზიანებლები და შემდეგ განურჩევლად იყენებდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ.

2025 წლის დეკემბერში BBC-ის გამოძიების მიხედვით, გამოყენებულ ნივთიერებებს შორის ერთ-ერთი შესაძლოა, ყოფილიყო კამიტი – პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი. ეფექტიანი გამოძიების ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაჰკითხა BBC-ის მოწმეები, ადამიანის უფლებათა მონიტორები და ექიმები, რომლებმაც მომიტინგეების გრძელვადიან დაზიანებებზე რეცენზირებული კვლევები გამოაქვეყნეს.

დაკავებული მომიტინგეები ხშირად კიდევ უფრო მძიმე ძალადობას აწყდებოდნენ. მხოლოდ 2024 წლის დეკემბრის პროტესტისას დაკავებული 460 ადამიანიდან 300-ზე მეტმა ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადა, ხოლო 80 საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. 2024–2025 წლებში თითქმის ყოველი ათი დაკავებულიდან ცხრა არასათანადო მოპყრობის შესახებ აცხადებდა.

ჩვენებებში აღწერილია კოორდინირებული ცემა სპეციალურად მოდიფიცირებულ „წამების ფურგონებში“, მოკვლისა და გაუპატიურების მუქარა, ქალების დამამცირებელი ჩხრეკა და არასრულწლოვანებისა და შშმ პირების მიმართ ძალადობა. ძალადობა ასევე ნაწილობრივ „გადაებარებოდა“ ხოლმე ნიღბიან დაკავშირებულ პროქსი ჯგუფებს, რომლებიც სავარაუდოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გათავისუფლებულ პოლიციელებს, რომლებიც საჯაროდ ესხმოდნენ თავს მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს ფორმიანი პოლიციელების თვალწინ, ეს უკანასკნელნი კი არ ერეოდნენ.

დაუსჯელობა ღრმად არის ფესვგადგმული. ძალადობაში ჩართული მეთაურები დააწინაურეს და დააჯილდოვეს. 2025 წლის ივლისში გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ხოლო პოლიციამ 63 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო, პრემიებისა და ხელფასის დანამატის სახით. 2026 წლის მაისში ხუთი პოლიციელის დაკავება – პროტესტთან დაკავშირებული ძალადობისთვის ცნობილი პირველი პასუხისგების შემთხვევა – მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ეხება, ამ დოკუმენტირებული დარღვევების.

სასამართლოს იარაღად გამოყენება

საქართველოს სასამართლო სისტემა, ნაცვლად იმისა, რომ რეპრესიებისგან დამცველის როლი შეესრულებინა, მისი ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი გახდა და, აქტივისტების თქმით, გადაიქცა „უსამართლო სასამართლოდ“.

ადმინისტრაციული წარმოებისას ათასობით მომიტინგე დაჯარიმდა ან დააკავეს, მხოლოდ პოლიციის ჩვენებებსა და სახის ამომცნობი კამერებით გადაღებულ მასალებზე დაყრდნობით, ხშირად სასამართლოს მიერ საქმის შინაარსობრივად შესწავლის გარეშე, რაც, პრაქტიკულად, მშვიდობიანი შეკრების უფლების კრიმინალიზებას ახდენს.

150-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში იმ სისხლის სამართლის პროცესების შედეგად, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევებით ხასიათდებოდა. ხშირ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი თითქმის მთლიანად პოლიციის ჩვენებებს ეყრდნობოდა. სასამართლოები რეგულარულად იყენებდნენ წინასწარ პატიმრობას. იყო შემთხვევები, როდესაც პროცესის ბოლო წუთში გადაკვალიფიცირდა ბრალდება. ბრალდებულებს მათ მიერ არჩეული ადვოკატების მომსახურებას უკრძალავდნენ და უგულებელყოფდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გარანტიებს ახალგაზრდა ბრალდებულების მიმართ.

ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს პარლამენტის პოლიტიზებული საგამოძიებო კომისიის წინაშე ჩვენების მიცემაზე უარის გამო. ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც თავად პოლიციამ 2024 წელს სასტიკად სცემა, ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა, სატელევიზიო პოლიტიკური განცხადების გამო. მინიმუმ, ექვს მომიტინგეს, სავარაუდოდ, გაყალბებული ნარკოტიკული ბრალდებები წაუყენეს, რაც, თავის მხრივ, 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო სამი პირი უკვე გასამართლებულია უსამართლო სასამართლო პროცესების შედეგად.

პროტესტთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საქმეში სასამართლოები სისტემურად უფარდებდნენ ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობას, საქმის ინდივიდუალური შეფასების გარეშე, ზოგად, ბლანკეტურ დასაბუთებებზე დაყრდნობითა და ბრალდებულთა პირადი გარემოებების უგულებელყოფით. ამის მაგალითია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც რამდენჯერმე მოითხოვეს გირაოს შეფარდება და სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მიუხედავად საპატიმროში მზიას ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესებისა.

სასამართლოები რეგულარულად უგულებელყოფდნენ ხილულ დაზიანებებს და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს. ამავდროულად, სულ უფრო მეტად იცავდნენ თავს საზოგადოებრივი ყურადღებისგან – სასამართლო დარბაზებში გადაღება 2025 წლის ივნისში შეიზღუდა; სხდომები ან დახურული იყო საზოგადოებისთვის, ან მართავდნენ მცირე ზომის დარბაზებში, შეზღუდული წვდომით, დამკვირვებლები კი ხშირად დაშინების ობიექტები ხდებოდნენ. მათ შორის იყო აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელიც თავადაც გახდა ბრალდებული და იძულებით ფსიქიატრიულ შემოწმებას დაექვემდებარა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ შევიდა საჩივარი მანდატურზე ძალადობის შესახებ.

დასკვნები და ძირითადი რეკომენდაციები

„საოცრად მოკლე დროში საქართველოს ხელისუფლებამ შეაკოწიწა რეპრესიების ისეთი დახვეწილი არქიტექტურა, სადაც თითოეული ინსტრუმენტი აძლიერებს მეორეს, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა შიგნიდან იფიტება. ცილისმწამლური კამპანია კრიტიკოსებს „მტრებად“ აქცევს, კანონები კი განსხვავებულ აზრს – დანაშაულად. პოლიციის ძალადობა პროტესტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშს ხდის, სასამართლოები კი ამ ციკლს აგრძელებენ, რეპრესიული კანონებისა და ხერხების გარეგნულად „შეკანონებით“, – აცხადებს Amnesty International.

Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • გააუქმოს „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობა, „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები და ამასთანავე, ყველა ცვლილება შეკრებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონებში, რომლებიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ასუსტებს გაერთიანების თავისუფლებას და მშვიდობიან პროტესტს, ფაქტობრივად, დანაშაულად აქცევს; მოხსნას ყადაღა NGO-ების საბანკო ანგარიშებს და გაქარწყლდეს ამასთან დაკავშირებული ბრალდებები.
  • შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია და ეფექტიანად გამოიძიოს მათთან დაკავშირებული ყველა თავდასხმა, დაზარალებულთათვის სრული კომპენსაციის უზრუნველყოფით.
  • აწარმოოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება ძალის უკანონო გამოყენების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, მათ შორის ბრძანებების გამცემთა პასუხისმგებლობის დონეზე; აკრძალოს ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა წყლის ჭავლში; შექმნას რეალურად დამოუკიდებელი პოლიციის ზედამხედველობის ორგანო.
  • გადაიხედოს 2024 წლის აპრილიდან მოყოლებული პროტესტთან დაკავშირებული ყველა გამამტყუნებელი განაჩენი და ადმინისტრაციული სანქცია, დამოუკიდებელი ორგანოს მიერ; გააუქმოს ყველა უსამართლო პროცესებით მიღებული განაჩენი; გაათავისუფლოს უსამართლოდ დაპატიმრებულები და აღადგინოს სასამართლო სხდომებზე სრული საჯარო წვდომა.

„ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოსთან ურთიერთობა ადამიანის უფლებებზე უნდა დააფუძნონ; დააწესონ ემბარგო პოლიციური აღჭურვილობის გაყიდვაზე, სანამ არ შეიქმნება სანდო ანგარიშვალდებულების მექანიზმები; მხარი დაუჭირონ საერთაშორისო გამოძიებას, მათ შორის OPCW-ის მიერ წარმოებულს, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური აგენტების შესახებ; უზრუნველყონ განგრძობადი საერთაშორისო სასამართლო მონიტორინგი და გააფართოონ საქართველოს უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაცვა და მხარდაჭერა.

საერთაშორისო საზოგადოებამ ასევე უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის დანაშაულთა დოკუმენტირებას, გამოძიებასა და დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით“, – აცხადებს Amnesty International.

სრულად წაკითხვა