A.K. Group-ის აგენტები თაღლითობას აგრძელებენ – სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება და სამართალდამცველების უმოქმებოდა

2 weeks ago 5

“აი ფაქტი” ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ  ქართველი “სკამერები”, A.K. Group-ის აგენტები, თაღლითობას აგრძელებენ და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ფულს კვლავ იპარავენ.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სადამსჯელო ღონისძიებებმა “სკამერები” ვერ შეაჩერა და თაღლითურ საქმიანობას მალევე მიუბრუნდნენ. ამას ადასტურებს გამოჟონილი შიდა ჩანაწერები, რომელიც OCCRP-ის პარტნიორმა, შვედური ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფმა Qurium-მა მოიპოვა. 

დოკუმენტების მიხედვით, ქართული ქოლ-ცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიურები იყვნენ Voice-over-IP (VoIP)-ის პლატფორმაზე და ზარებისთვის იყენებდნენ მის ერთ-ერთ პროგრამა Squaretalk-ს. ამ გზით, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს. 

VoIP ტექნოლოგიით, თაღლითებს შეუძლიათ დიდი რაოდენობის ზარების განხორციელება ისე, რომ არ ჩანდეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან რეკავენ.

მტკიცებულება, რომელიც OCCRP-იმ და მისმა პარტნიორმა მოიპოვა, 25 მარტით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ თაღლითებმა საქმიანობა მათი მხილებიდან რამდენიმე კვირაში უპრობლემოდ განაახლეს. 

ის, რომ A.K.Group-ის თაღლითები მსხვერპლებს Squaretalk-ით უკავშირდებოდნენ, სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება. გამოჟონილ ინფორმაციაში ვიპოვეთ ამ სისტემაში შესასვლელად საჭირო მონაცემებიც. გარდა ამისა, A.K.Group-ის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში შეყვანილია 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის მარტის პერიოდში Squaretalk-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობაც – მინიმუმ, 150 000 აშშ დოლარი.

დოკუმენტებში ჩანს, რომ Squaretalk-ს იყენებს 14 აგენტი, მათ შორის, “Luke Wade”. ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ წინა გამოძიების ფარგლებში შეძლეს მისი იდენტიფიცირება და დაადგინეს, რომ ამ მეტსახელის უკან რეალური პირი ზვიად ურუშაძე დგას. ის A.K.Group-ის IT დეპარტამენტში მუშაობდა და მათ შორის, Squaretalk-ის ანგარიშების გამართვაზეც ზრუნავდა,- წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.

თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K ჯგუფის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ოსისიარპიმ” ქართველ გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად დაადგინა, როგორ მუშაობენ დღემდე ქოლ-ცენტრები.

საქმე აღიძრა თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლით; დააყადაღეს ხუთზე მეტი აგენტის და მათი “ბოსის”, აკაკი ქევხიშვილის უძრავ-მოძრავი ქონება.  A.K. Group-ის თანამშრომლები თანდათანობით მიიმალნენ – ოფისი დატოვეს, სოციალური მედიის ანგარიშები გააუქმეს და წაშალეს ყველა პოსტი, რომელიც მათ მდიდრულ ცხოვრებას ასახავდა.

ჟურნალისტური გამოძიება ვრცლად

სრულად წაკითხვა