ამის შესახებ ნათია ბუკია ინფორმაციას თავად ავრცელებს ფეისბუკზე.
გადაწყვეტილება დღეს, 2 მაისს გამოაცხადა მოსამართლე ნინო ენუქიძემ.
„[მოსამართლემ] მცნო სამართალდამრღვევად და დამაკისრა ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით“, - წერს ნათია ბუკია.
- გიორგი ორთოიძე და ნათია ბუკია დემონსტრაციების მონაწილეები არიან.
- ისინი მცირეწლოვან შვილებთან ერთად შეხვდნენ აღდგომას 19-20 აპრილის მიჯნაზე.
- კვირა ღამეს, 20 აპრილს, ორთოიძე და კიდევ ერთი დემონსტრანტი, მიხეილ სამხარაძე პოლიციამ დააკავა.
- 22 აპრილს ორთოიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფეისბუკზე დაკავების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ აღდგომას ულოცავდნენ.
ნათია ბუკია წერს, რომ პროცესის გადადება „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით ადმინისტრაციული საქმისწარმოების შემთხვევაში, მისი დაკვირვებით, მიღებული პრაქტიკაა:
„სასამართლო პროცესის შემდეგ აბსურდის მტკიცება რომ უწევს შსს-ს, როდესაც ამხელ რეპრესიულ კანონს და როგორ იყენებს მას შსს კონსტიტიციური აზრის გამოხატვის უფლების შესაზღუდად, დამსწრეებთან ერთად არ ეკომფორტულება მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და დებს, რომ მერე, ცივ გულზე, 5 წუთში გამოგიცხადოს, ხალხიც არ იქნება და თვითონაც გაუადვილდება“, - წერს ნათია ბუკია.
იგი წერს იმასაც, რომ მისი მეუღლის, გიორგი ორთოიძის წინააღმდეგაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება იმავე - „გზის გადაკეტვის“ - საფუძვლით, მოსამართლემ მის საქმეზეც გადადო გადაწყვეტილების გამოცხადება - ისინი 14 მაისს ელიან.
„გიორგისაც დააჯარიმებენ 14-ში და ერთად 10,000 ლარი გვექნება გადასახდელი. უდიდესი თანხა, რომელიც უნდა შევაგროვოთ და ჩვენს სამ შვილს მოვაკლოთ. პათეტიკაში არ ჩამომართვათ, რეალობაა დღეს ჩვენი და თან რისთვის? იმისთვის, რომ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ და ქვეყნის კონსტიტუციის დაცვას ვცდილობთ ისევ კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებული აზრის გამოხატვის უფლებით“, - წერს ნათია ბუკია.
იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც 156-ე დღეა, ყოველდღე მიმდინარეობს.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად არაერთი კანონი მიიღო: გაზარდა ჯარიმები, აკრძალა ლაზერების, ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება.
ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.
„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ ასობით ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ. ეს პროცესის აქციების პარალელურად გრძელდება.
ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესითაც - პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობისთვის.
50-ზე მეტი ადამიანი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, მათ შორის „ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით.
28 ნოემბრის შემდეგ არაერთმა პოლიციელმა იძალადა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე, თუმცა არცერთი მათგანი არ არის დასჯილი.
2025 წლის 17 მარტს დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ.