ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საპროტესტო აქტივობებსა და 4 ოქტომბერს საზოგადოების სრულმასშტაბიან მობილიზებას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:
“4 ოქტომბერს, ვინც ქუჩაში გამოვა გასამარჯვებლად – არ დამარცხდება. საუბარი ნიჰილიზმზე, მორიგ მარცხზე, არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ველიდან გასაქცევად საკუთარი თავისთვის შანსის მიცემა – ღალატში საკუთარი თავის მომზადება.
4 ოქტომბერი რეალურად არ იწყება 4 ოქტომბრის დილას, ის უკვე დაწყებულია 250 დღეზე მეტია და ლოგიკურ დასასრულს მოითხოვს.
“ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, მიუხედავად მის მიმართ, ამ 13 წლის განმავლობაში, არაერთი პრეტენზიისა, ხალხი მას ითმენდა. დღევანდელი მოუთმენლობის ვითარება შექმნეს თავად, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლით და სხვა იმ უამრავი უკანონობით – დანაშაულით, რომელიც 250 დღის განმავლობაში ჩაიდინეს.
“ოცნების” პოლიტიკის მოწინააღმდეგეებსა და დამკვირვებლის როლში მყოფებს უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერი მუნიციპალური არჩევნები კი არა, ოკუპაციის გაფორმების აქტი მზადდება. ზუსტად ეგეთი, ორჯონიკიძემ დეპეშით რომ უპატაკა კრემლს: “ლენინს, სტალინს, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“!
სწორედ ეს უნდა გაიაზროს ყველამ, თვით “ოცნების” მომხრემაც.
შესაბამისად, ეს არ არის ლევან ხაბეიშვილის ბრძოლა, ეს ქართველი ხალხის ბრძოლაა და ნებისმიერი, ვისთვისაც ქართული სახელმწიფო არის იდეა, ვალდებულია ამ ბრძოლაში იყოს გულწრფელი – პირველ რიგში საკუთარ თავთან.
არავის აქვს უფლება, დათესოს ნიჰილიზმი იმაზე საუბრით – “აი, 4-შიც ტყუილად შევიკრიბებით“. ყველა ასეთი ან მსგავსი ფრაზა, იდეის და პირველ რიგში საქართველოს ღალატია, საკუთარი თავის ღალატია.
ჩვენ, სწორედ “ოცნება” გვაძლევს შანსს, 4 ოქტომბერს საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სწორ გზაზე. გვაძლევს შანსს, დავიხსნათ “ოცნების” მიერ დატყვევებული ჩვენი თანამოქალაქეები – საქართველოს რჩეული შვილები.
მადლობა ლევანს და ნებისმიერს, მიუხედავად იმის, მოგვწონს მათი პოლიტიკოსობა, ან სხვა შეხედულებები თუ არა, ვინც მზად არის, სიმბოლურად, “4 ოქტომბერს” იყოს საქართველოს რიგითი – თავგანწირული ჯარისკაცი და მოიგოს საკუთარი დიდგორი.
ჩვენ წოდებულ ვართ გამარჯვებისთვის! ჩვენ გავიმარჯვებთ!
თავისუფლება საქართველოს! თავისუფლება რეჟიმის ტუსაღებს!” – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.