31 წლის კაცს ფუტსალის მატჩის შემდეგ პარკინგზე მეტოქე დახვდა და სცემა, ის ხელოვნურ კომაშია - ოჯახი

6 hours ago 3

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, - ახალი სპორტის სასახლის მიმდებარედ, ახალგაზრდა კაცს სცემეს - ოჯახის ცნობით, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ხელოვნურ კომაშია.

ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმა“, რომლის ცნობითაც, საუბარია 31 წლის ბექა ონიანზე.

მედიასაშუალება ციტირებს დაზარალებულის, ბექა ონიანის დედას, ნინო შერმადინს, რომელიც ამბობს, რომ დაპირისპირება დაიწყო ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთის) თამაშისას. „ჩემი შვილი არის ფუტსალის „დინამოს“ მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან“, - ამბობს ის.

მისი ცნობით, 16 მაისს, საღამოს, სიტყვიერი ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდა მოწინააღმდეგე და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.

„როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს“, - ამბობს იგი.

„ტრავმა ისეთია, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა“, - ამბობს დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით (120-დან 128 საათამდე), შინაპატიმრობით (6 თვიდან ერთ წლამდე), ან ერთ წლამდე პატიმრობით.

დედის თქმით, დაკავებული არავინაა.

შსს-ში ამბობენ, რომ „მიმდინარეობს საგამოძოები მოქმედებები“.

სრულად წაკითხვა