„საქსტატის“ მიერ 19 მაისს წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.132 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-იანი მატებაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და 2.439 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით, 5.692 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.253 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.
საანგარიში პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთია, რომელთანაც ექსპორტის მოცულობამ 272.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან ჩინეთი (255.1 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (211.3 მლნ აშშ დოლარი). 2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.1% შეადგინა.
2026 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 537.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 324.1 მლნ აშშ დოლარით (13.3%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 225.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 9.2%).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (903.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (766.3 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (678.2 მლნ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 925.9 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 471.3 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.3%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 254.1 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.5%).
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·