2024 წლის ანგარიშში სუსი დასავლური “დეზინფორმაციის”, “დისკრედიტაციის” და “ქართული ოცნების” წევრების დაგეგმილი “ლიკვიდაციის” შესახებ საუბრობს

1 week ago 4

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გასულ წელს მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა „საფუძველი დაუდო გლობალური გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებას“ და „იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვისკენ, მნიშვნელოვნად გაუადვილა ეროვნული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობები“. გასული წლის მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა დასახელებული. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი გარე და შიდა აქტორების მიერ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ძირის გამოთხრის მცდელობის საკითხს ეთმობა, მათ შორისაა სავარაუდო გადატრიალების მცდელობა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების სავარაუდო დაგეგმილი „ლიკვიდაცია“. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციაზე „ზოგიერთი დასავლური ქვეყნიდან“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ არაპროგნოზირებადი გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ საფრთხეების დონე შენარჩუნებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაზრდილი იყო. უსაფრთხოების სამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები, ასევე შიდა და გარე აქტორები, ცდილობდნენ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ჩარევას ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. „იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები, რომლებშიც ზოგიერთი დასავლური ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი.

სუსი აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში, „ასევე, გამოიკვეთა, რომ უცხო ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე მუშაობის გააქტიურება იყო, რომლის მიზანს უცხო ქვეყნებისადმი ლოიალურად განწყობილი და მათ ეროვნულ/საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა წარმოადგენდა“.

ოკუპირებული ტერიტორიები

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია კვლავაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და „ის აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად“.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები უკანონო საქმიანობას ახორციელებდნენ. ათობით წვრთნა ჩატარდა, რომელშიც რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდა. ასევე გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია.

„რუსეთის ფედერაციის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციისა და შემდგომი ანექსიისკენ მიმართული პროცესები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ ხელყოფის მცდელობებზე და მაგალითად მოყვანილია ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემა, ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონი, ე.წ. ინვესტიციების შესახებ კანონი, რუსული ბიზნესისთვის პრივილეგირებული რეჟიმის მინიჭება, სოხუმსა და მოსკოვს შორის საპოლიციო თანამშრომლობაზე შეთანხმების მიღწევის მცდელობა, სოხუმის აეროპორტის აღდგენა და ოჩამჩირის რაიონში რუსულ ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.  

დოკუმენტის თანახმად, ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „რუსიფიკაციის“ პოლიტიკას ატარებდა და ამ მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს იყენებდა. „განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში რუსული უწივერსიტეტის მეშვეობით შექმნილი „ღია განათლების“ ცენტრები, პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა პედაგოგებისა და სკოლის მოსწავლეების რუსულ ენასა და სხვა საგნებში გადამზადება“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ფიქსირდება ეთნიკურად ქართველებისგან „მტრის ხატის“ შექმნა/გაძლიერების მცდელობები“.  

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ანგარიშში მოყვანილია რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიის მაგალითები, მათ შორის „ალანიის საინვესტიციო ბანკისთვის“ ადგილზე საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება, ასევე რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა და ძალაში შესვლა.

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით აღსანიშნავია ოკუპირებულ სოფელ გრომში ნავთობის საძიებო სამუშაოების დაწყება რუსული კომპანია „სტროიპროგრესის“ მონაწილეობით.

ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 87,8 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 79,5% რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი 155,4 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, რომლის დაახლოებით 23,5% რუსეთის ფედერაციის ფინანსურ დახმარებას წარმოადგენდა.

2024 წელს ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დააკავეს საქართველოს 36 მოქალაქე, ხოლო აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან – 37. 2024 წლის ბოლოს, უკანონო პატიმრობაში სულ თერთმეტი მოქალაქე იმყოფებოდა.

უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპაციამ შეუძლებელი გახადა 2023 წელს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების, თამაზ გინტურის და ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობების სათანადოდ გამოძიება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი შემთხვევები ხელს უწყობს დაუსჯელობის კლიმატის შექმნას და ოკუპირებულ რეგიონებში კრიმინალურ პრაქტიკას ახალისებს.

წლის განმავლობაში გაგრძელდა უკანონო „ბორდერიზაცია“, მათ შორის 45 დოკუმენტირებული შემთხვევა დაფიქსირდა ცხინვალის რეგიონში და ერთი – აფხაზეთში. დოკუმენტის თანახმად, კვლავ შეზღუდული იყო გადაადგილების თავისუფლება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის პოლიტიკა მიზანმიმართულად ხორციელდება, რასაც ამძიმებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და/ან სრულად ფუნქციონირება.

სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვა

ანგარიშის თანახმად, უკრაინაში ომმა სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისი გამოიწვია რეგიონში, მათ შორის საქართველოში, რადგან მან ფუნდამენტურად გააუარესა რეგიონში უსაფრთხოების გარემო და კომპლექსური გამოწვევები შექმნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები „იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ“. ისინი სხვადასხვა საბაბით გეგმავდნენ სამოქალაქო არეულობას და დესტაბილიზაციას, თუმცა საბოლოო მიზანს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა წარმოადგენდა.

„სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებდნენ მზადყოფნას ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც მოჰყვებოდა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა. მათ შორის განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები“, – ნათქვამია ანგარიშში.

„საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გასაზრდელად დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი“, – აცხადებს სუსი.

მისივე თქმით, მომიტინგეები 2024 წლის 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას გეგმავდნენ.

ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მთავარ სამიზნეებს შორის იყვნენ, ხოლო პროტესტის ორგანიზატორები „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებულ მეთოდებსა და ტაქტიკას იყენებდნენ, რაც, საბოლოო ჯამში, „მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდის შექმნას“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2024 წელს „უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვის მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, უცხოური სადაზვერვო სამსახურები ცდილობდნენ საქართველოზე ეკონომიკური გავლენის მოხდენას, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ისეთი ეკონომიკური და ბიზნესპროექტების გამოვლენაზე მუშაობას, რომლებიც შესაძლოა უცხო ქვეყნების შესაბამისი სამსახურების მიერ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად“.

სუსი ასევე იტყობინება, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა, რომ საზღვარგარეთ და საქართველოში მოქმედი ცალკეული ნაციონალისტური და სეპარატისტული იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაცია თუ პიროვნება საჯაროდ, მიზანმიმართულად აკეთებდა ანტიქართულ და ნაციონალისტურ განცხადებებს, ეწეოდა დეზინფორმაციულ კამპანიას ისტორიულ მოვლენებთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და საკულტო ნაგებობების კუთვნილებასთან დაკავშირებით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „არასამთავრობო სექტორი, სამეცნიერო და ექსპერტთა ჯგუფები, საგანმანათლებლო პროფილით მომუშავე ორგანიზაციები, ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები და პირთა ჯგუფები წარმოადგენენ ერთგვარ მოწყვლად სეგმენტს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიმართ“.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მან გამოავლინა უცხოური სადაზვერვო სამსახურების მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და მათ ლიდერებთან აქტიური კავშირების დასამყარებლად, უცხოური სახელმწიფოების ინტერესების გატარების მიზნით. სამსახური აცხადებს, რომ სამიზნეები იყვნენ  ჟურნალისტები, კერძო კომპანიები, დიასპორული ორგანიზაციები და საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ანგარიშში ასევე განხილულია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცდილობდნენ საქართველოში ბინადრობის ან ლტოლვილის სტატუსის მოპოვებას ფიქტიური ქორწინებების, ყალბი შრომითი კონტრაქტების, სტუდენტური ვიზების ან სხვა საშუალებების გამოყენებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები პრიორიტეტად რჩება და ამ კუთხით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერებისა და თავდაცვითი პროცედურების გამკაცრებისკენ მიმართული ძალისხმევის ზრდას გაუსვა ხაზი.

დეზინფორმაცია და პროპაგანდა

2024 წელს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს შორის იყო რბილი ძალა, საიდუმლო ოპერაციები, საინფორმაციო კამპანიები, კიბერშეტევები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

ანგარიშის თანახმად, „საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადასხვა ძალის მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება“.

სუს-ის თქმით, ეს საინფორმაციო კამპანიები ხორციელდებოდა უცხოური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული პირების ან ჯგუფების, ასევე საერთაშორისო ან რეგიონული ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ. ანგარიშის თანახმად, “საანგარიშო პერიოდში ცალკეული დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის შედეგებმა ცხადყო, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, აღნიშნულმა მიდგომამ მნიშვნელოვნად გაუადვილა ცალკეული ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს ქვეყანაში ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოება”.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია: „საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ცალკეული მედიასაშუალებები და ჟურნალისტები, რომლებიც უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ან მათთან კავშირში მყოფი პირების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მითითებითა და დაფინანსებით საქართველოში ახორციელებდნენ პროექტებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნების ინტერესების გატარებას ემსახურებოდა“.

რაც შეეხება რბილ ძალასა და ფარულ ოპერაციებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ  უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების და საკუთარი ინტერესების გასატარებლად აქტიურად იყენებდნენ ფარულ ოპერაციებს და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტებს. „ამ მიზნით უცხო ქვეყნების პოლიტიკური ძალების, სახელმწიფო ინსტიტუტების, ცალკეული ფონდების, სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების დაფინანსებით და ორგანიზებით ტარდებოდა კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, მედიაფორუმები, ხორციელდებოდა ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობ-შემეცნებითი პროექტები“.

სუს-მა აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის ოპერაციების მეშვეობით გამოვლინდა, რომ უცხოური გავლენის მთავარი სამიზნე ქართველი ახალგაზრდები იყვნენ – ეს თემა ანგარიშში არაერთხელაა ხაზგასმული და ის „ქართული ოცნების“ ნარატივთან თანხვედრაშია.

2024 წელს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებად ასევე დასახელებულია საქართველოს კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევები.

დოკუმენტის თანახმად, „საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისმიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავდნენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

სუს-ის ინფორმაციით, ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეები და გამოწვევები 2024 წელსაც უცვლელი დარჩა. ეს მოიცავდა საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად დაეშთან და ალ-ქაიდასთან ერთად იბრძვიან სირიასა და ერაყში, საერთაშორისო ტერორისტების შემოსვლა და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გამოყენება სატრანზიტო მიზნით, საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების მცდელობები და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაქირავება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ტერორისტული აქტები არ მომხდარა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობა საგრძნობლად შემცირდა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

2024 წელს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 23 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 39 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სხვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა