ევროკავშირის პრეს-სპიკერის 2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე კვლავ მძიმე ზეგავლენას ახდენს ჰუმანიტარულ სფეროზე.
„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 18 წელი შესრულდა. ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე კვლავ მძიმე ზეგავლენას ახდენს ჰუმანიტარულ სფეროზე.
ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა და ქმედებები საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე უკანონოა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის მზარდი მცდელობებით დე ფაქტო მოახდინოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – ინტეგრაცია საკუთარ სამართლებრივ და უსაფრთხოების სივრცეში. მოსკოვსა და ცხინვალს შორის 9 მაისს ხელმოწერილ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმებას, ისევე როგორც რუსეთის თანამდებობის პირის სამხრეთ ოსეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშვნას საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიული ძალა არ გააჩნია.
18 წლის განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და განიცდის ადამიანის უფლებების დარღვევებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებს. იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელშემშლელი დაბრკოლებები ისევ არსებობს.
ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის როლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე საქმიანობისა და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) – უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და შემდგომი, 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული შესრულების მისაღწევად.
ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის ერთგული რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.
წელს 18 წელიწადი გადის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ცხინვალის რეგიონში საქართველოსა და რუსეთის ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები განვითარდა. 8 აგვისტოს რუსეთმა საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალები შემოიყვანა და კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ომის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა, საქართველომ კი კონტროლი დაკარგა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილებზე. 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·