18 წლის ბიჭის, ალეკო შაკიაშვილის სასტიკი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. დანაშაული "რატის ბარში" ორი დღის წინ მოხდა. ძალოვნებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ივანე გიგლემიანი. სწორედ გიგლემიანმა მიაყენა დანით სასიკვდილო ჭრილობები ახალგაზრდა ბიჭს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ დანაშაულის თვითმხილველია გიგლემიანის ნათესავიც, რომელიც ამჟამად ბრალდებულის გვერდით ზის. ის შეესწრო ფაქტს, რის შემდეგ ქუჩაში დატოვეს დაჭრილი ახალგაზრდა და მიიმალნენ. 45 წლის რატი პაკელიანსაც დაადეს ძალოვნებმა ხელბორკილები, მას პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა სასამართლომ დღეს შეეფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიგლემიანმა, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ალეკო შაკიაშვილი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა ერთ-ერთ ბრალდებულს, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები, დაჭრილი დატოვა და სუფრასთან დატოვა.
ბარში კომენტარს მომხდარზე არ აკეთებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დანაშაული "რატის ბარის" გარეთ მოხდა და რომ თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ ბარში, რამდენიმე თვის წინათაც მოკლეს წარმატებული სპორტსმენი, დედისერთა ბიჭი და მისი მკვლელი ჯერ გასამართლებულიც არ არის.
სასამართლო პროცესზე მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია თავად დამნაშავეს, ის დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული რატი პაკელიანიც.
როგორც ირკვევა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გიგლემიანმა და მისმა თანმხლებმა პაკელიანმა გააჩერეს ტაქსი და იქაურობა დატოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ის ტაქსის მძღოლი, რომლის მანქანითაც დატოვეს შემთხვევის ადგილი. ასევე ამოღებულია ვიდეო თვალით გადაღებული მასალები და პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბრალეულობას ადასტურებს. თუმცა როგორც ჩანს, შემთხვევის ადგილიდან არ არის ამოღებული მკვლელობის იარაღი დანა, ამიტომ ბრალდებულის ადვოკატი ამაზე აპელირებს და ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულება.
როგორც ცნობილი ხდება, მკვლელობაში ბრალდებული გიგლემიანისთვის ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩადენა უცხო არ არის. 19 წლის ასაკში ჩაიდინა მან სასტიკი მკვლელობა, მაშინაც სრულიად უდანაშაულო, 18 წლის ბიჭი ქუჩაში ხალხის თვალწინ ავტომატით ჩაცხრილა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ უმძიმეს დანაშაულამდე თურმე მას ადამიანი ჰყავდა დაჭრილი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. პირობითი მსჯავრიც მიემატა ახალ სასჯელს, დაემატა იარაღის უკანონო ტარება შენახვა და შეკრებითობის პრინციპით 26 წელი მიესაჯა, მაგრამ რატომღაც ასეთი მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულმა გიგლემიანმა ციხიდან გამოსვლა მალე შეძლო.
ალეკო შაკიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობის გაჟღერების შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა მომხდარით აღშფოთებულმა ქალბატონმა დოდო მაისაძემ, სწორედ ამ ქალბატონის 18 წლის შვილი გამოასალმა სიცოცხლეს 2008 წელს გიგლემიანმა.
ჩვენ ქალბატონ დოდოს დავუკავშირდით. მას არ დაუმალავ, რომ გაუთავებლად იბრძოდა, რომ მისი შვილის მკვლელი საკადრისად დასჯილიყო, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.
დოდო მაისაძე:
- არ ვიცი აქვს კი საერთოდ ახლა ამაზე საუბარს აზრი. თქვენ არ იცით, რა დღეები გადავიტანე, ჯერ მაშინ, როცა ჩემი 18 წლის სრულიად უდანაშაულო შვილი მომიკლა და მერე მაშინ, როცა მკვლელი ციხიდან ამნისტიით გამოვიდა. სულ ვაპროტესტებდი, ვითხოვდი ჩემი შვილის მკვლელს, ასეთ საშიშ დამნაშავეს არ შეხებოდა ამნისტია. ინტერვიუც მივეცი ტელევიზიებს, მაგრამ არავინ მოისმინა ჩემი გულისტკივილი და ასეთი დამნაშავე გარეთ გამოუშვეს ამნისტიით. არადა დღემდე საშინელი დღეები გამოვიარეთ. შვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ჩემი მეუღლე ისე დაავადდა, გულის ოპერაცია დასჭირდა. ამ საშინელი, გაუსაძლისი ტკივილით მოვდივართ დღემდე და ახლა 15 აპრილს იყო ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს მეუღლეს ინფარქტი დაემართა. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მინდა გავანერვიულო, მაგრამ როცა 18 წლის ბიჭის მკვლელობის ჩამდენად ისევ მისმა გვარმა გაიჟღერა ისევ საშინლად განვიცადე და განმიახლდა ტკივილი, რომელიც არასდროს განელებულა და სულ ჩემთან არის.
ქალბატონო დოდო, თქვენი შვილის მკვლელობა როდის მოხდა?
- ეს საშინელი ტრაგედია 2008 წელს მოხდა, 2008 წლის 15 აპრილს მომიკლა ჩემი უდანაშაულო, სიცოცხლით სავსე ბიჭი, ლაშა რუბაშვილი გიგლემიანმა. ამ სასტიკი მკვლელობის შემდეგ ერთი წელი მიმალვაში იყო და 2009 წელს დააკავეს. ჩემი შვილის სასტიკ მკვლელობამდე მან დაჭრა ახალგაზრდა და 5 წელი პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, მერე ჩემი შვილი რომ ჩაცხრილა ის პირობითი სასჯელიც დაემატა, ასევე იარაღის უკანონო შენახვა ტარების მუხლიც წაუყენეს და შეკრებითობის პრინციპით საბოლოოდ 26 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი, აქედან 18 წელი ჰქონდა ჩემი შვილის მკვლელობისთვის.
- რატომ მოკლა თქვენი შვილი?
- ჩემი შვილი 2008 წელს უბანში, ჩვენს სახლთან ახლოს, ორთაჭალაში მოკლა 18 ტყვიით. იმ დღეს თურმე იჩხუბეს უბნის ბიჭებმა, ამ კონფლიქტში ჩემს შვილს არ მიუღია მონაწილეობა, ჩხუბის დროს მათთან ერთად არ იყო. იმ საბედისწერო დღეს სახლში ერთად დავბრუნდით მე და ჩემი შვილი. ლაშამ უბანში ნახა ბიჭები შეკრებილები რომ იყვნენ და იქ მათთან შეჩერდა, მე სახლში წამოვედი. ამ დროს მოვიდა მკვლელი გიგლემიანი იქ მანქანით, მანქანიდან გადმოყო ავტომატის ლულა და ბიჭებს მიუშვირა. ბიჭებმა რომ დაინახეს გიგლემიანი იქ ისეთი ადგილი იყო, აქეთ- იქით გადახტნენ და დაიმალნენ, ჩემს შვილზე იმის თქმაც ვერ მოასწრეს დაიმალეო. მკვლელს ხელში შერჩა ჩემი უდანაშაულო შვილი და მას დაახალა ავტომატიდან ტყვიები. ასე 18 ტყვიით, სადისტურად მომიკლა შვილი, დაუშინა ავტომატის ჯერი. ორთაჭალაში ჩემს სახლთან იქვე ახლოს მოხდა ეს დიდი უბედურება.
18 წლის იყო ჩემი შვილი იმ დროს, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ნახევარი წელი იარა უნივერსიტეტში მხოლოდ და ასე მომიკლა. ეს გარეწარი იქვე, დევნილების დასახლებაში ცხოვრობდა, ჩემს შვილს მასთან ურთიერთობა არ ჰქონია, როგორც აღვნიშნე სხვასთან ჰქონდა კონფლიქტი და ჩემი შვილი შეესწრო და მომიკლა, ამის შემდეგ იქიდან გაიქცა და ერთი წელი იძებნებოდა. უმძიმესი იყო სასამართლო პროცესები, როცა ვხედავდი განსასჯელის სკამზე მკვლელს. ვერც ერთ პროცესზე დასწრება ვეღარ შეძლო ჩემმა მეუღლემ, განადგურებული იყო და ამბობდა, მისი ყურება არ შემიძლიაო. რომ დაიჭირეს გაუცოცხლდა პირობითი მსჯავრიც.
ჩემი შვილის მკვლელობამდეც ბიჭი დაჭრა, მაშინ არ ჩასვეს, პირობითი სასჯელით იყო გამოსული და მერე რომ დაიჭირეს მკვლელობაზე, ის 5 წელიც მიემატა. უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობისთვის 18 წელი ჰქონდა მისჯილი, ამას დაემატა იარაღის ტარება და საბოლოოდ შეკრებითობით 26 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. მერე შეკრებითობა გაუქმდა, გამოვიდა ამნისტია და 18 წელი და 6 თვე აპატიეს, ასე გამოვიდა ციხიდან. დიდხანს არც მჯდარა ციხეში. ჩვენ ვჩიოდით, ვითხოვდით არ შეხებოდა ჩემი შვილის მკვლელს ამნისტია, გავაპროტესტე, მაგრამ არავინ იღო ყურად ეს ამბავი და ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ახალი ტრაგედიები ჩაიდინა. რომ გამოვიდა მერე პოლიციელი დაჭრა და დაჭრისთვის იჯდა ციხეში მგონი 5 წელი. ახლა ახალი გამოსული იყო ციხიდან და კიდევ გააუბედურა ერთი ოჯახი. 18 წლის ბიჭი მოკლა. საშინელი ტკივილით ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი და ახლა ამ ამბის გაგებამ კიდევ მეტად გაგვანადგურა.
ჩემი შვილის სასამართლოზე ერთი ბიჭი ამბობდა, რომ გავრბოდი ტყვიების წვიმა მოსდევდათ, სხვები მაშინ გადაურჩნენ, ბიჭებმა ჩემს შვილზე თქმაც ვერ მოასწრეს. ჩემი შვილი არც განძრეულა, არც კი იცოდა რისთვის იყო იქ ის მოსული და ავტომატით რომ დაუნახავს გიგლემიანი ალბათ შეეშინდებოდა 18 წლის ბიჭს, ლაშას ხელები აუწევია ზევით და უთქვამს, ბიჭო ხომ არ უნდა მომკლაო და ამ დროს დაუშინა იმ აწეულ ხელებზე ტყვია და თითებიც წააცალა ჩემს შვილს. სასტიკად მომიკლა, ან ყელი როგორ გამოჭრა მხრის გაკვრის გამო იმ 18 წლის ბიჭს. თანავუგრძნობ მის ოჯახს. მეორე ბრალდებული პაკელიანი გიგლემიანის მამიდაშვილია. პაკელიანის შვილიც სანდრო პაკელიანიც მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
72-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო და ტელეფონის გამო მოსვლია კამათი მეზობელთან. რამდენიმე დღის მერე დაიბარა კოლმეურნეობის მოედანზე ის ბიჭი. ყვავილების თაიგულით ხელში მივიდა თურმე იქ, იმაში დანა ჰქონდა თურმე ჩამალული აიღო დანა და მოკლა ახალგაზრდა. ის ციხეშია და ახლა მამამისი 18 წლის ბიჭის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. რომ არ გამოეშვათ გიგლემიანი და მოეხადა მისჯილი სასჯელი, კიდევ ერთი დედა ხომ არ გამწარდებოდა. იმედი მაქვს, ახლა მაინც გამოკეტავენ მას სამუდამოდ ციხეში.
წყარო: ambebi.ge