ახალი ავტობაზის აშენება თბილისში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გასაშვებად აუცილებელი პირობაა. ახლა მხოლოდ მათი ნაწილს გადაჰყავს მგზავრები, დანარჩენების ექსპლუატაცია კი არ დაწყებულა.
„Construction Service“-ის მიერ გამოვლენილ იქნა სამუშაოების შემაფერხებელი გაუთვალისწინებელი ობიექტური გარემოებები, რის საფუძველზეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში.
ავტობაზას 60 მილიონიანი ხელშეკრულებით შპს Construction Service აშენებს. კომპანიის დირექტორი, გიორგი გაბუნია ამბობს, მშენებლობა დასრულების პროცესშია, შესრულებულია სამუშაოების დიდი ნაწილი, დაახლოებით 85%.
„მოთხოვნა იყო ევროპული ნორმებით აშენება და დასჭირდა ქართულ ნორმებზე ადაპტირება... არალოგიკური ვადა იყო მოცემული ტენდერში, შეთანხმებას მივაღწიეთ ვადის გახანგრძლივებაზე... პროექტი თითქმის დასრულებულია, გადის უკვე ექსპერტიზას...“ - ამბობს კომპანიის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.
ახალი ავტობაზის ასაშენებლად თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი 2023 წლის აპრილში გამოაცხადა, გამარჯვებულ Construction Service-თან ხელშეკრულება დაიდო იმავე წლის 30 ივნისს. შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობდა, რომ სამუშაოები 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.