2015 წლის 13–14 ივნისის ღამეს თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური კატასტროფის მოწმე გახდა. ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა ვერეს ხეობაში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა, ინფრასტრუქტურა გაანადგურა და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი პირი — ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე — დღემდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ზოოპარკის თანამშრომლები და მაშველები.
როგორ დაიწყო სტიქია
სტიქიური მოვლენები 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. ძლიერი და ხანგრძლივი ნალექის შედეგად ვერეს ხეობა გადაიტვირთა, თუმცა კატასტროფის მთავარი მიზეზი იყო მეწყერი, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწვა.

მეწყერმა დიდი მოცულობის მიწა, ტალახი და ხე-ტყე ჩაიტანა მდინარე ვერეს კალაპოტში. შედეგად წარმოიქმნა მასიური დაგუბება, რომელმაც წყლის ნაკადი ერთბაშად და დიდი ძალით ქალაქის მიმართულებით გამოიტყორცნა.

სტიქიის ეპიცენტრად იქცა ვერეს ხეობა, სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ახალი საავტომობილო გზა, თბილისის ზოოპარკი და მზიურის პარკი. მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.
ზოოპარკის განადგურება და გაქცეული ცხოველები
წყალდიდობამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი ვოლიერებიდან გაიქცა და ქალაქში აღმოჩნდა.
თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ:
- 5 ლომი
- 6 ვეფხვი
- 6 დათვი
- 13 მგელი
ასევე ზოოპარკის ტერიტორიიდან გაიქცა ბეჰემოთი „ბეგი“, რომელიც მოგვიანებით სპეციალური სამსახურმა დაიჭირა.
გაქცეული ცხოველების ნაწილი ადგილზე ლიკვიდირებული იქნა, ნაწილი კი უკან დააბრუნეს ვოლიერებში.
მსხვერპლი — ტრაგედიის ყველაზე მძიმე ნაწილი
ვერეს ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის სამი თანამშრომელი — გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და გივი დვალი. ისინი სტიქიის დროს სამუშაო ადგილზე იმყოფებოდნენ და ცხოველების გადარჩენას ცდილობდნენ.
ასევე დაიღუპნენ დები ზარანდიები და ივლიტა ჯიბუტი, რომლებიც იმ უბანში აღმოჩნდნენ, სადაც წყალდიდობა ყველაზე სწრაფად და ძლიერად განვითარდა.
ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამავე დროს გმირული ისტორია უკავშირდება 37 წლის მაშველს, ზურაბ მუზაშვილს. მან სტიქიის დროს შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ვერეს ხეობაში დაიღუპა.
17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული პირიდან ერთს, 43 წლის ოთარ ცუხიშვილს, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ხოლო დანარჩენებმა გაქცევა შეძლეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ვეფხვი მოკლეს.
საზოგადოების რეაქცია და ერთიანობა
ტრაგედიას საზოგადოების უპრეცედენტო მობილიზაცია მოჰყვა. ათასობით მოქალაქე გავიდა დაზარალებულ უბნებში — ვაკის პარკში, გმირთა მოედანზე და სხვა ლოკაციებზე, სადაც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდნენ და დაზარალებულებს ეხმარებოდნენ.

სოციალური ქსელების მეშვეობით ორგანიზებულმა დახმარების კამპანიებმა სწრაფად მიიღო მასშტაბური ხასიათი. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა „13 ივნისის მოხალისეთა გაერთიანება“, რომელიც მოხალისეების კოორდინაციას და დახმარების ორგანიზებას უზრუნველყოფდა.

2 hours ago
2








English (US) ·
Georgian (GE) ·