11 წელი ციხეში მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია - რა შეცვალა ტყუპი სოფრომაძეების საქმეში ახალმა გამოძიებამ?

2 hours ago 3

გოგა სოფრომაძე 20 წლის იყო, როცა ბადრაგებმა ციხეში შეასახლეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის და მისი ტყუპი ძმა, გაგა სოფრომაძე, განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ციხე მან ნაადრევად, 11 წლის შემდეგ დატოვა. 2024 წელს დადასტურდა, რომ გოგა სოფრომაძეს დანაშაული, რომლის გამოც ციხეში 11 წელი დაყო - არ ჩაუდენია.

უფრო მეტიც, 11 წლის დაგვიანებით პროკურატურამაც დაადასტურა ის, რასაც სოფრომაძის ოჯახის წევრები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ - მკვლელობის დროს გოგა სოფრომაძე ჭიათურაში, საკუთარ სახლში, დივანზე იწვა და ეძინა.

მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფომ მას 63 000 ლარი შესთავაზა. გოგა სოფრომაძეს თანხა ჯერ არ აუღია. ის შეუერთდა ოჯახის წევრებს, რომლებიც მე-13 წელია მისი ძმის, მეორე მსჯავრდებულის გაგა სოფრომაძის, საქმის გადახედვას ითხოვენ.

 ტყუპი ძმები გაგა და გოგა სოფრომაძეები

ფოტოზე: ტყუპი ძმები გაგა და გოგა სოფრომაძეები

ტყუპი ძმები ამტკიცებენ, რომ 2013 წლის 12 აგვისტოს ჭიათურის რაიონში მომხდარი ამბავი, რომელსაც ადგილობრივი ტაქსის მძღოლი ამირან თაბაგარი ემსხვერპლა, განზრახ მკვლელობა არ ყოფილა. მათ განაჩენი სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში გაასაჩივრეს.

სასჯელი გაგა სოფრომაძის ნაწილში არასდროს შეცვლილა - სასამართლომ ყველა ჯერზე მიიჩნია, რომ მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ამირან თაბაგარი.

პატიმარი გაგა სოფრომაძე შიმშილობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. პროტესტის მიზნით, ძმებმა პატიმრობისას ბევრჯერ დაიზიანეს ჯანმრთელობა, სცადეს თვითმკვლელობა, რათა საგამოძიებო სტრუქტურების ყურადღება მიეპყროთ.

„რა მსჯავრიც მაქვს წაყენებული არასოდეს ჩავიდენდი, არაადამიანურ და მანიაკურ ქმედებად მიმაჩნია, სიკვდილადაც რომ დამიჯდეს, არ შევეგუები...“ - გვითხრა გაგა სოფრომაძემ, რომელმაც ციხიდან დაგვირეკა.

ამ სტატიაში სოფრომაძეების საქმიდან ეპიზოდებს, მხარეების პოზიციებს, ექსპერტიზის დასკვნის შედეგებსა და სასამართლოს დასაბუთებებს ქრონოლოგიის დაცვით ვასაჯაროებთ. ეს საქმე 2013-2014 წლებში ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა განიხილეს.

2022 წლიდან ახალი გარემოებებს გამოვლენის მიზეზით, საქმის გამოძიება განახლდა, რის შემდეგაც, კრიმინალური ამბის მონაწილეების განაჩენები მორიგ ჯერზე გადაისინჯა ქუთაისის სააპელაციოში. გოგა სოფრომაძე გაამართლეს, გაგა სოფრომაძის განაჩენი კი უცვლელი დარჩა.

რა მოხდა 13 წლის წინ?

2013 წლის 12 აგვისტოს, ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხის ტერიტორიაზე ამირან თაბაგარის გვამი იპოვეს. ექსპერტიზის თანახმად, მას სიცოცხლეშივე, სიკვდილის დადგომამდე 122 დაზიანება მიაყენეს.

აქედან, ერთ დღეში 13 აგვისტოს ჯერ ნოდარ თოდაძე დააკავეს; 15 აგვისტოს კი მისი მეგობარი გაგა სოფრომაძე - ის თავისი ფეხით მივიდა ქუთაისის პოლიციის სამმართველოში. სულ ბოლოს, 6 ოქტომბერს კი გაგას ტყუპისცალი - გოგა.

  • ნოდარ თოდაძე დამნაშავედ ცნეს ამირან თაბაგარის ძალადობრივად დაკავებასა და დანაშაულის დაფარვაში; მას 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.
  • გაგა სოფრომაძე დამნაშავედ ცნეს ამირან თაბაგარის ძალადობრივად დაკავებასა და ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში, მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
  • მისი ძმა გოგაც იგივე დანაშაულისთვის, იდენტური მუხლებით გაასამართლეს.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ დვარელმა მიიღო.

გამოძიების ვერსიით, რაც სარწმუნოდ მიიჩნია ქუთაისის სასამართლოს ორმა ინსტანციამაც, აი, რა მოხდა 2013 წლის 12 აგვისტოს.

ჩამოშალე - გამოძიების ვერსიის წასაკითხად

„დაახლოებით ღამის 00:30 საათი იყო. ჭიათურის ცენტრში ნასვამმა ტყუპმა ძმებმა - გაგა და გოგა სოფრომაძეებმა და მათმა მეგობარმა ნოდარ თოდაძემ მათი ნაცნობის, ამირან თაბაგარის ავტომანქანა „ოპელ ასტრა“ დაიქირავეს.

ამირან თაბაგარი „ოპელ ასტრას“ მართავდა. მგზავრები მანქანაში ჩასხდნენ და ე.წ. ნაგუთის დასახლების გავლით სოფელ ნავარძეთისკენ გაემართნენ.

გზაში ამირან თაბაგარმა ძმებს ძველი დავალიანება შეახსენა. მისი თქმით, სოფრომაძეებს წარსულში გაწეული მომსახურებისთვის 20 ლარი არ ჰქონდათ გადახდილი. თაბაგარმა ეჭვი გამოთქვა, რომ ფულს ამჯერადაც ვერ მიიღებდა და მგზავრობის გაგრძელებაზე უარის თქმა სცადა.

თუმცა ძმებმა მომსახურების საფასურის გადახდა დაჰპირდნენ და მოსთხოვეს, გზა გაეგრძელებინა. თაბაგარიც დათანხმდა.

როდესაც ავტომანქანა ჭიათურის რაიონის სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე მოძრაობდა, განაწყენებულმა გოგა და გაგა სოფრომაძეებმა გადაწყვიტეს, ამირან თაბაგარისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება და მასთან ანგარიში გაესწორებინათ.

მათ თაბაგარის ცემა ჯერ კიდევ ავტომანქანის სალონში დაიწყეს. ამის გამო მძღოლი იძულებული გახდა, მანქანა გაეჩერებინა.

ამის შემდეგ გოგა და გაგა სოფრომაძეებმა ამირან თაბაგარი ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ავტომანქანიდან გადაიყვანეს. გზიდან რამდენიმე მეტრში მას კვლავ დაუწყეს ცემა. ურტყამდნენ ქვასა და ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ ხის ფიცარს.

შემდეგ ამირან თაბაგარი ისევ ავტომანქანასთან მიიყვანეს, უკანა საბარგულში მოათავსეს და ჩაკეტეს.

ამ დროს ნოდარ თოდაძე შეუერთდა ძმები სოფრომაძეების განზრახვას, რომელიც ამირან თაბაგარისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობდა. მან ავტომანქანის გასაღები აიღო, საჭესთან დაჯდა და თანამზრახველებთან ერთად გზა განაგრძო.

სოფრომაძეების მითითებით, ნოდარ თოდაძემ ავტომანქანა დაახლოებით ექვსი კილომეტრის მოშორებით გააჩერა - ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხის ტერიტორიაზე, ე.წ. კაცხის სვეტთან მისასვლელ გზაზე.

გოგა და გაგა სოფრომაძეებმა ამირან თაბაგარი საბარგულიდან გადაიყვანეს და საავტომობილო გზის მახლობლად კვლავ დაუწყეს ცემა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ძალის გამოყენებით იქვე მდებარე ტყეში შეიყვანეს.

მას შემდეგ, რაც ამირან თაბაგარს ჯგუფურად და ძალადობით აღუკვეთეს თავისუფლება და სოფელ კაცხის ტერიტორიაზე მდებარე ტყეში შეიყვანეს, გოგა და გაგა სოფრომაძეებს გაუჩნდათ შიში, რომ თაბაგარი სამართალდამცავებს მიმართავდა და მათ დანაშაულში ამხელდა.

ამ დანაშაულის დასაფარად მათ გადაწყვიტეს, ნოდარ თოდაძის დახმარებით, ამირან თაბაგარი განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლათ.

გარკვეული დროის შემდეგ გაგა სოფრომაძე ტყიდან გამოვიდა. ნოდარ თოდაძემ დასახმარებლად ავტომანქანის უკანა საბარგული გაუღო, რათა იქ თოკი მოეძებნათ და შემდეგ ამირან თაბაგარის წამებით მოსაკლავად გამოეყენებინათ.

საბარგულში ე.წ. საბუქსირე თოკი იპოვეს. გაგა სოფრომაძემ თოკი ტყეში შეიტანა. იქ ამირან თაბაგარს თოკი ყელზე შემოაჭირეს და მისი ცემა და წამება დაიწყეს.

განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებისას გაგა და გოგა სოფრომაძეებმა ამირან თაბაგარს არაერთი დაზიანება მიაყენეს.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ამირან თაბაგარი გარდაცვლილი იყო, გოგა და გაგა სოფრომაძეებმა ნოდარ თოდაძის დახმარებით ავტომანქანის უკანა საბარგულიდან ამოიღეს პოლიეთილენის ტომარა, სისხლით დასვრილი პლედი და ხის ფიცრები.

დანაშაულის კვალის დასაფარად პლედი და ხის ფიცრები მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდეს. ამირან თაბაგარს კი თავზე პოლიეთილენის ტომარა ჩამოაცვეს და მისი ცხედარი შემთხვევის ადგილზე დატოვეს“.

ჩვენება, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო

მომხდარს მსჯავრდებულების გარდა თვითმხილველი არ ჰყავდა. გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება სოფრომაძეების მეგობრისა და ნათესავის, ნოდარ თოდაძის ჩვენება იყო.

თუმცა საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე ნოდარ თოდაძემ თქვა, რომ ძმების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა პოლიციელებმა აიძულეს - ჩვენების ოქმზე ხელი ისე მოაწერინეს, რომ წაკითხვის უფლებაც კი არ მისცეს.

„მე გამომძიებლებს სხვა რამე მოვუყევი და აქ სხვა რამე წერია“, - თქვა ნოდარ თოდაძემ სასამართლოზე. თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულს დამაჯერებლობა აკლდა.

აქედან 11 წლის შემდეგ პროკურატურა აღიარებს, რომ გოგა სოფრომაძე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, შესაბამისად ვერც მკვლელობას ჩაიდენდა და ვერც ძმას დაეხმარებოდა დანაშაულის ჩადენაში.

„ნოდარიმ თუ მოიტყუა, რომ ჩემი ძმა იქ იყო, სხვა რამეს რატომ არ მოიტყუებდა, როცა მისი თქმით, ზეწოლა იყო მასზე?“, - გვეუბნება გაგა სოფრომაძე.

წარდგენილ ბრალდებას და განაჩენებს, საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ ეთანხმებოდა და არც ახლა ეთანხმება ადვოკატი კახაბერ მუმლაძე.

„პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები აგებულია ვარაუდებზე, არასრულ და ყალბ მტკიცებულებებზე“, - ამბობს ის. მან განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა სამკაციანმა კოლეგიამ თავიდან განიხილა საქმე, თუმცა დაცვის მხარის მოთხოვნა შემსუბუქებოდა გაგა სოფრომაძეს სასჯელი, არ გაიზიარა.

სამაგიეროდ, მოსამართლეებმა გაიზიარეს პროკურატურის მტკიცებულებები და დაადგინეს, რომ სწორედ გაგა სოფრომაძემ მოკლა, თანაც განსაკუთრებული სისასტიკით ამირან თაბაგარი, დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს კი „ვარაუდები“ უწოდეს.

გაგა სოფრომაძის ვერსია

გაგა სოფრომაძე ჰყვება, რომ ტაქსისტს, მართლაც, რამდენჯერმე ეჩხუბა; ადასტურებს ბრალდების ვერსიას, რომ კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაიწყო.

იმასაც აღიარებს, რომ ცემისას მძღოლი შემოაკვდა, მაგრამ არ აღიარებს რომ ადამიანის მკვლელობა წინასწარ განიზრახა, და მერე ეს დანაშაული ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.

მკვლელობის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი 16 წელია, მაქსიმალური - უვადო პატიმრობა. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, რასაც სიკვდილი მოჰყვა მაქსიმალური სასჯელი მხოლოდ 10 წელია.

გაგა სოფრომაძის მონათხრობით, ის, მისი ტყუპი ძმა, გოგა და ნოდარ თოდაძე ერთად სვამდნენ. გოგა ცუდად გახდა და აღებინა.

გაგამ და ნოდარმა ის ჭიათურაში, სოფრომაძეების ბინაში დატოვეს, თავად კი „ქეიფის გასაგრძელებლად“ ნოდარ თოდაძის დედულეთისკენ გაემართნენ. შეზარხოშებულმა მეგობრებმა ტაქსი აიყვანეს, რომელსაც ამირან თაბაგარი მართავდა.

გაგა სოფრომაძე, მსჯავრდებული

გაგა სოფრომაძე, მსჯავრდებული

მოვლენების განვითარების ამ თავში განხილული ვერსია მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მონათხრობზეა დაყრდნობილი:

მგზავრობისას ტაქსის მძღოლ ამირან თაბაგარსა და გაგა სოფრომაძეს შორის კამათი ძველი, 20-ლარიანი ვალის გამო დაიწყო. კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ჩხუბში გადაიზარდა. სოფელ ნავარძეთში, ზესტაფონის მიმართულებით მოძრაობისას, ამირან თაბაგარმა მანქანა გააჩერა, თუმცა ჩხუბი ავტომანქანაშივე გაგრძელდა.

„მივაწექი ამირანს, გავაღე მისი კარი, მანქანიდან გადავაგდე და მეც მისი მხრიდან გადავედი. შემდეგ ვცემე“, - ამბობს სოფრომაძე ჩვენებაში და აგრძელებს:

ჩხუბი მანქანის წინ გაგრძელდა:

„მანქანის წინ წავაქციე და ვცემე. მერე ამირანი წამოდგა, მანქანის საბარგულისკენ გაიქცა და თან მაგინებდა. საბარგული გააღო და რაღაცის ძებნა დაიწყო. გადახრილი იყო, როცა მივედი და ტელეფონიანი ხელი სახეში ამოვარტყი. ყვირილი დაიწყო - რა მიქენი, კბილები ჩამიმტვრიეო. სისხლი გადმოაფურთხა და მაგინებდა. შემდეგ გზის პირისკენ გაიქცა, დაიხარა და ვიფიქრე, ქვას იღებდა. გავექანე და მთელი ძალით წიხლი დავარტყი. გადავარდა, ხმას აღარ იღებდა და აღარც იგინებოდა“.

სოფრომაძის თქმით, ის დაღმართზე ჩავიდა და დაინახა, რომ თაბაგარი აღარ მოძრაობდა.

„ვაჯანჯღარებდი, ვეკითხებოდი, რა მოგივიდა-მეთქი. ნოდარის დავუძახე - მგონი გაითიშა, მოდი, მომეხმარე-მეთქი“, - იხსენებს სოფრომაძე.

მისი მონათხრობით, თოდაძემ თაბაგარს მობილური ტელეფონით მიანათა. მათ თავი წამოუწიეს და დაინახეს, რომ ის ქვიან ზედაპირზე იწვა და კეფიდან სისხლი მოსდიოდა:

„ამ ქვებში ეგდო. ქვის ირგვლივ გუბე იდგა და კეფიდან იმდენი სისხლი მოდიოდა, რომ მივხვდით - ძალიან ცუდად იყო საქმე“.

გარკვეული დროის განმავლობაში, მის გონზე მოყვანას ცდილობდნენ და ამოწმებდნენ, სუნთქავდა თუ არა. სოფრომაძე ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ დაიბნა და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მისი თქმით, თოდაძემ შესთავაზა, თაბაგარი კაცხის სვეტთან, მამა მაქსიმესთან მიეყვანათ.

ციცაბო ფერდობიდან ცხედრის ამოტანა გაუჭირდათ და რამდენჯერმე დაუგორდათ. მოგვიანებით, ავტომანქანის საბარგულში ზეწარი იპოვეს და მისი დახმარებით თაბაგარი დაღმართიდან ამოიყვანეს.

გზაში სოფრომაძემ მამაოსთან მისვლა გადაიფიქრა. მისი თქმით, მომხდარის გამო რცხვენოდა. საბოლოოდ, ამირან თაბაგარის ცხედარი ხესთან დატოვეს.

„[ მოგვიანებით პოლიციელებმა] თოკით ხეზე [ცხედარი] თავადვე შემოახვიეს და მე მაბრალებენ...“,- ამბობს ციხიდან ჩაწერილ ინტერვიუში მსჯავრდებული გაგა სოფრომაძე.

გაგა სოფრომაძემ ქვეყნიდან გაქცევის დაგეგმვა დაიწყო. ტაქსის მძღოლის მანქანით ძმასთან, გოგა სოფრომაძესთან წავიდან, რადგან „ახსოვდა, რომ მას 500 ლარი ჰქონდა გადანახული“. მოკლულის მანქანას ნოდარ თოდაძე მართავდა.

გოგამ ძმას გაქცევის გეგმა გაუზიარა. სამივე ერთად გამოვიდა სახლიდან, ისევ ტაქსის მძღოლის მანქანას მართავდნენ. პოლიციამ ისინი სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა. ძმები მანქანიდან გადმოხტნენ და გაიქცნენ, ნოდარ თოდაძემ გაქცევა ვერ მოახერხა და ადგილზე დააკავეს.

„კი, გაქცევა მინდოდა და ასეც ვიქცეოდი, ციხეში მოხვედრა არ მინდოდა, მაგრამ შემდეგ შემეშინდა, ჩემი მეგობარი და ძმა არ დაეკავებინათ და განყოფილებაში ჩემი ფეხით მივედი“, - ამბობს ის.

რას აჩვენებს ექსპერტიზის დასკვნები

საქმეებში, სადაც დაზარალებული გარდაცვლილია, ბრალდებულები კი მისი მეგობრები ან ოჯახის წევრები არიან და მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დანაშაულის ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, რომლებმაც ბრალდების ვერსია ან უნდა გაამყაროს, ან ეჭვქვეშ დააყენოს.

გამოძიებისას რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა: სასამართლო-სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური, დაქტილოსკოპიური [ანაბეჭდი], ტრასოლოგიური [მექანიკური კვალის გამოკვლევა], ასევე, ნივთიერებებისა და ქსოვილის ბოჭკოების კვლევა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამირან თაბაგარის სიკვდილი ქალა-ტვინის მძიმე, ღია ბლაგვმა ტრავმამ გამოიწვია. რა ვითარებაში მიიღო ამირან თაბაგარმა სხეულის დაზიანებები ექსპერტიზა ვერ ადგენს.

მას დაზიანებული ჰქონდა თავი, სახე, გულმკერდი, კიდურები და ეს დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის ან საგნების დარტყმამ გამოიწვია.

  • ექსპერტიზა გამორიცხავს თავისუფალი ვარდნის (გადავარდნის) შედეგად ერთჯერადი დაცემით დაზიანებას.
  • ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს აღნიშნული დაზიანებების არაერთჯერადი დაცემით განვითარების შესაძლებლობასაც - თუმცა აღნიშნულის მტკიცება არ შეუძლია.

ბიოლოგიურმა კვლევამ თაბაგარის სისხლი და გენეტიკური მასალა აღმოაჩინა ავტომობილში, საბარგულში, მანქანის გარე ნაწილებზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხის ფრაგმენტებზე, მიწაზე, თოკზე, ტომარაზე, ფიცრებზე, ბოთლსა და ცხვირსახოცზე.

ავტომობილის საბარგულში აღმოჩენილი ორი კბილი და რამდენიმე ღერი თმაც თაბაგარს ეკუთვნოდა.

და ყველაზე მთავარი - მკვლელობის სავარაუდო იარაღად განხილულ ქვებზე არ აღმოჩნდა, არც სისხლი, არც თმა და არც გარდაცვლილის ტანსაცმლის ბოჭკოები. თაბაგარის ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა ბრალდებულების ხელების ანაწმენდებზე, ფეხსაცმელზე და ფრჩხილებში.

ტრასოლოგიურმა კვლევამ თაბაგარის ტანსაცმელზე გათრევის ან გახოხების კვალი ვერ აღმოაჩინა.

დაცვის ალტერნატიული ექსპერტიზა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნა.

ამ დასკვნაში ექსპერტებმა მიუთითეს, რომ:

  • გვამის პირველადი გამოკვლევა ქალა-ტვინის დაზიანებებს სრულად და დეტალურად არ აღწერდა;
  • თუ თაბაგარს ყელზე საბუქსირე თოკი ჰქონდა შემოჭერილი, კისერზე შესაბამისი კვალი უნდა დარჩენილიყო, თუმცა ამის კვალი აღწერილი არ იყო;
  • თავის მძიმე ჭრილობების ქვით მიყენების შემთხვევაში ქვაზე სისხლის ან თავის ტვინის ქსოვილის კვალი უნდა დარჩენილიყო;
  • არ გამორიცხეს, რომ გარდაცვლილს დაზიანებები გადავარდნისა და დაგორების დროს შეიძლება მიეღო.

საქმის განხილვის პირველ წრეზე, 2014 წელს სააპელაციო სასამართლომ ეს დასკვნა მტკიცებულებად არ დაუშვა და ექსპერტებიც არ დაკითხა.

„თუ ქვები მკვლელობის იარაღი იყო, რატომ არ აღმოჩნდა მათზე სისხლი, თმა ან ტანსაცმლის ბოჭკოები; თუ გარდაცვლილს ყელზე თოკი შემოაჭირეს, რატომ არ აქვს კისერზე შესაბამისი დაზიანება; და რის საფუძველზე გამოირიცხა დაზიანებების ფერდობზე რამდენჯერმე დაცემითა და დაგორებით მიღება, როდესაც ექსპერტიზას დაზიანების ზუსტი მექანიზმი არ დაუდგენია“, - ამბობს ადვოკატი კახაბერ მუმლაძე.

მას აინტერესებს, რატომ არ შეფასდა ავტომობილზე აღმოჩენილი, საქმეში მონაწილე პირებთან დაუკავშირებელი ხელის ანაბეჭდები და რატომ არ განიხილეს სასამართლოში სრულად დაცვის ექსპერტიზის დასკვნები.

ძალადობის ბრალდებები ბადრაგების წინააღმდეგ

მსჯავრდებულ გაგა სოფრომაძის ოჯახის მტკიცებით, ეს საქმე მიმდინარეობდა ზეწოლის, მტკიცებულებების გაყალბებისა და ბრალდებულების წამების თანხლებით და ამაზე ლაპარაკობენ 10 წლის განმავლობაში, ძმებმა 20-ჯერ მაინც იშიმშილეს საკანში. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს.

„თუ ვინმეს კითხვა ებადება, რატომ ვერ მოვახერხეთ ამ დრომდე ყველაფრის მოყოლა, გეტყვით, რა პირობებში გვიწევდა თავის დაცვა“, - ამბობს გაგა სოფრომაძე და იხსენებს 2014 წელს მომხდარს, თუ როგორც გაუსწორდნენ ფიზიკურად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკნებში ბადრაგები მას, მის ძმასა და მეგობარს - აღიარების მოსაპოვებლად.

„პროცესზე მემუქრებოდნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი ბრალს [გოგას] წამებით ამოხდიდნენ სულს. არ ვაღიარე, რის გამოც საბადრაგო სამსახურის 30-მდე თანამშრომელმა დამაბა და სასტიკად მაწამა. სხვებიც - ჩემი ძმა და „პაძელნიკიც“ [მეგობარი]. სახეში მახტებოდნენ, მაგინებდნენ, მცემდნენ, იარაღს მირტყამდნენ, ისე მცემეს, რომ მეორე დღესაც ვერ მივედი სასამართლოში... აქეთ მემუქრებოდნენ, რომ სასჯელს დამიმატებდნენ, ვითომ მე დავესხი თავს“, - ამბობს გაგა სოფრომაძე და ამატებს:

„ისეთი ნაცემი ვიყავი ციხემ არ მიმიღო, ეს ჩემი პატიმარი არ არის, ასეთი არ გამიშვიაო, კლინიკაში გადამიყვანეს და იქ ვმკურნალობდი“.

თავდაპირველად, გამოძიება ძმების წინააღმდეგ დაიწყო. ბრალად დასდეს დაუმორჩილებლობა და თავდასხმა. დაზარალებულის სტატუსი ძმებს რვა წლის შემდეგ მიენიჭათ, ბრალდება სამ ბადრაგს წაუყენეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ მათ თავისუფლება შეინარჩუნეს. საქმის მოსამართლე რამდენჯერმე შეიცვალა, განხილვები, ჯერ არ განახლებულა.

„ ეს იყო შეკვეთილი ცემა და წამება, ცემის დროს მოძალადეები პირდაპირ უხსენებდნენ საქმის პროკურორის სახელს და გარდაცვლილის მეუღლის სახელითაც მოკითხვას გადასცემდნენ. აღიარეთ დანაშაული რატომ არ აღიარებთო, (რა თქმა უნდა აღიარება ვერ მოიპოვეს, რადგან მოხდა უბედური შემთხვევა და არა განზრახული)“, - ამბობს გაგა და გოგა სოფრომაძეების და, თამარ სოფრომაძე.

გარდაცვლილის ოჯახის პოზიცია

ტაქსის მძღოლის ცოლი, თამრიკო წერეთელი ესწრებოდა საქმის განხილვებს და ბრალდებულების განსაკუთრებული სისასტიკით დასჯას მოითხოვდა, მათ შორის ნოდარ თოდაძეც მკვლელობის მონაწილედ მიაჩნდა და თვლიდა, რომ სასჯელის „პოლიციასთან თანამშრომლობის გამო შემსუბუქება“, არასამართლიანი იყო.

„მათ ისეთი სისასტიკე აქვთ ჩადენილი, ნორმალური ადამიანი ფოტოების დათვალიერებას ვერ შეძლებს... თოდაძე იჯდა საჭესთან, ის დააკავეს ჩემი ქმრის მანქანით, თოდაძემ გადაყარა მისი საფულე, საბანკო ბარათები, ტელეფონი. ჩვეულებრივი თანამონაწილე იყო. ენით აუწერელი სისასტიკეა ჩადენილი, ქმარი ისე დავასაფლავე არ მინახავს, ვერ შევძელი მისი ნახვა“, - ეს თამრიკო წერეთლის 2014 წელის ინტერვიუს ფრაგმენტია.

ამ სტატიაზე მუშაობისას რადიო თავისუფლებამ თამრიკო წერეთელთან დაკავშირება ვერ შეძლო. გვაინტერესებდა, რას ფიქრობს გოგა სოფრომაძის გამამართლებელ განაჩენსა და საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნაზე. თუ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მას ჩვენთან დაკავშირების სურვილი ექნება, მოვუსმენთ და მისი ახლანდელი პოზიციას სტატიაში ავსახავთ.

ახალი გამოძიება და ფარული აუდიოჩანაწერი

გამამტყუნებელი განაჩენების გამოცხადებიდან რვა წელში ეს საქმე მაშინდელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით თაროდან ჩამოიღეს და ახალი გამოძიება დაიწყეს. პროკურატურა ამჯერად ამირან თაბაგარის მკვლელობის საქმეში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებს იძიებდა.

ირაკლი შოთაძე, ყოფილი გენპროკურორი

ირაკლი შოთაძე, ყოფილი გენპროკურორი

რა შეიცვალა?

გამოძიების დაწყების საფუძველი მსჯავრდებულების გოგა და გაგა სოფრომაძის ადვოკატის, ლიკა ფანცულაიას სასამართლოს განჩინებით მოპოვებული ფარული აუდიოჩანაწერი გახდა. ამ ჩანაწერში ჭიათურის რაიონული სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი რომან კაპანაძე ამბობდა, რომ გამოძიებისას მტკიცებულებების ნაწილი დაიკარგა, პოლიციელებმა კი სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს.

პოლიციელ რომან კაპანაძესთან საუბარი ძმების მამამ ფარულად ჩაიწერა. მას ამის უფლება დართეს პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც გოგა და გაგა სოფრომაძეების ოჯახის წევრებისა და ადვოკატის გარდა გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი და გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ამ ჩანაწერის თანახმად, ,,სოფელ ნავარძეთთან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს (თაბაგარის კლდოვან მასივში გადავარდნის ადგილზე) აღმოჩენილი იქნა; - ქვაზე - სისხლის დიდი მასის კოლტები, რომელსაც ეხვია უამრავი ჭიანჭველა, რომელი ადგილიც მოჭრეს, შეფუთეს, დალუქეს ცელოფნის დიდ პაკეტში, დადეს პოლიციის ,,ავტომობილი-პიკაპის“ საბარგულზე და რომელი მტკიცებულებაც საქმეს არ დაერთო - გაქრა“.

ფარულ ჩანაწერში სოფრომაძეების მამა სთხოვს მოწმე პოლიციელს სასამართლოს მოუყვეს მომხდარი. ის უარზეა, რადგან მიაჩნია, რომ ამის შემდეგ „არ დაინდობენ“ და ქალაქიდან გაქცევა მოუწევს.

რომან კაპანაძე მზად არის გამოძიებას უთხრას, რა ამოიღეს, რა გაიგზავნა და რა აღარ მივიდა საქმემდე, მაგრამ სასამართლოში საჯაროდ გამოსვლას კატეგორიულად გამორიცხავს.

პოლიციელმა სოფრომაძეების მამა და ადვოკატი შემთხვევის ადგილზეც მიიყვანა და აჩვენა, საიდანაც ამოჭრეს სისხლიანი მიწა, ზედ ქვით ექსპერტ-კრიმინალისტებმა.

პროკურორებმა რომან კაპანაძე გამოკითხეს. მისი ჩვენება განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ფარულ ჩანაწერში ამბობს. მან უარყო, რომ თავად იყო საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე პოლიციელი და განაცხადა, რომ დაკარგული ნივთმტკიცების შესახებ განყოფილებაში შეიტყო.

„საიდან იყო ეს ნივთმტკიცებები და რომელი საქმიდან, ჩემთვის უცნობია, მხოლოდ ვივარაუდე, რომ შესაძლოა სოფრომაძეების საქმეს უკავშირდებოდა და ამიტომ მოვუყევი კობა სოფრომაძეს“, - თქვა პოლიციელმა.

პროკურორებმა ამ საქმის მონაწილე გამომძიებლები და საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პოლიციელებიც დაკითხეს. საბოლოოდ კი დაადგინეს, რომ ამ საქმეზე არც მტკიცებულებები დაკარგულა და არც ვინმეს გადაუმეტებია უფლებამოსილებისთვის.

რომან კაპანაძის ჩვენებას მოსამართლეთა კოლეგიაც აფასებს 2026 წლის განაჩენში:

„მოწმე რომან კაპანაძის ჩვენებიდან და ფარული მიყურადების ჩანაწერიდან შეუძლებელია ცალსახა დასკვნის გამოტანა, რომ სწორედ გაგა და გოგა სოფრომაძეებისა და ნოდარ თოდაძის საქმეზე დაიკარგა მტკიცებულება, კერძოდ, სოფელ ნავარძეთიდან ამოღებული მოჭრილი მიწა, რომელზედაც თითქოსდა იყო სისხლის გუბე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ მიიჩნევს ამ მტკიცებულებებს რაიმე ახლის მადასტურებლად, რომელმაც შესაძლებელია არსებითი გავლენა იქონიოს საქმის წარმოებაზე“.

მართალია, ამ შედეგს სოფრომაძეები არ დაეთანხმნენ, თუმცა სწორედ ეს საქმე და ამ საქმის ფარგლებში გამოკითხული მოწმეები გახდნენ 11 წლის შემდეგ მკვლელობისთვის დაპატიმრებული ძმის გოგა სოფრომაძის გამართლებისა და გათავისუფლების საფუძველი.

ალიბი, რომელიც პირველ გამოძიებას არ შეუსწავლია

რა შეიცვალა 11 წლის შემდეგ? - ხელახალი გამოძიების ფარგლებში, იმ დროს როცა პროკურატურა მტკიცებულებების სავარაუდო გაყალბების ფაქტს იძიებდა, საგამოძიებო უწყებაში სოფრომაძეების ოჯახის ნათესავები, დიმიტრი გაფრინდაშვილი და გივი კუპატაძე დაკითხეს. მათ გამოძიებას დაუდასტურეს, რომ ამირან თაბაგარის მკვლელობის დროს, გოგა სოფრომაძე თავის სახლში მძინარე ნახეს.

დიმიტრი გაფრინდაშვილი და გივი კუპატაძე 11 წლის წინათაც იყვნენ მზად ჩვენების მისაცემად, თუმცა ისინი სასამართლოში არავის გამოუძახია, არც დაცვის მხარეს. სოფრომაძეების ოჯახი ძველი ადვოკატის დაცვის სტრატეგიას აკრიტიკებს.

„გვისმენდა კი ვინმე? არავინ ჩვენ არ გვისმენდა, ჩემი შვილი ყველა ჯერზე ეკითხებოდა პროკურორს წარმომიდგინე მტკიცებულება, რომ ადგილზე ვიყავიო, ერთი მტკიცებულება არ იყო მის წინააღმდეგ, გარდა ნოდარ თოდაძის ჩვენებისა, რომელმაც მოგვიანებით გამოკითხვის შინაარსი სასამართლოში უარყო და გამომძიებლები ზეწოლაში ამხილა... ჩვენი მოწმეები არ დაგვაკითხვინეს...“ - ამბობს გოგა და გაგა სოფრომაძეების დედა მაია სოფრომაძე, რომელმაც შვილების დაკავების შემდეგ განყოფილებაში მისულმა თვითმკვლელობა სცადა და რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა.

„არაადამიანურად გვექცეოდნენ, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ დედას ეუბნებოდნენ, რომ ასეთი შვილის ყოლას, სულ არ ყოფილიყო ცოცხალი და ყოფილიყო მკვდარი. გვატყუებდნენ, რომ თითქოს გარდაცვლილს ჰქონდა თვალები დათხრილი, ყელი გამოჭრილი“, - ამბობს გოგა და გაგა სოფრომაძეების და, თამარ სოფრომაძე, რომელიც პროკურორებმა ახალი გამოძიების დროს გამოკითხეს.

პროკურატურამ თავად მიმართ სასამართლოს და გოგა სოფრომაძის გათავისუფლება მოითხოვა, სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. გოგა სოფრომაძე მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს.

ასე გამოიყურება გოგა სოფრომაძე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

ასე გამოიყურება გოგა სოფრომაძე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

მისი გათავისუფლების შემდეგ, ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და ახლად აღმოჩენილი მტკიცებულების საფუძველზე გაგა სოფრომაძის გამამტყუნებელი განაჩენის ხელახლა გადახედვა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიმართვა დააკმაყოფილა, სხდომა ჩანიშნა, თუმცა გაგა სოფრომაძისთვის მუხლის შემსუბუქების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ის კვლავ განსაკუთრებული სისასტიკის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

თუ გოგა სოფრომაძე ძმასთან ერთად დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, მაშინ როგორ აღწერს მომხდარს სასამართლო და გამოძიება? როგორ შეცვლის მომხდარის იმ ვერსიას, რის საფუძველზეც სამი ადამიანი მრავალი წლით დააკავეს?

2026 წლის პირველი ივლისით დათარიღებულ განაჩენში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, გაანალიზებულია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეში არსებული სადავო საკითხები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და მოწმეების ჩვენებები.

სამი მოსამართლე ნანა ჯოხაძე, მაკა გორგოძე, ნიკოლოზ მარგველაშვილი იზიარებენ ბრალდების მხარის არგუმენტაციას და განაჩენის დასაბუთებაში წერენ, რომ ის, რაც გაგა სოფრომაძემ ჩაიდინა ნამდვილად იყო მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით.

სასამართლოს პასუხი თაბაგარის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაცვალებაზე:

„ექსპერტიზა დასკვნა გარდა იმისა რომ აღწერს ამირან თაბაგარის სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ასევე კატეგორიულად მიუთითებს, გამორიცხავს, ამ დაზიანებების თავისუფალი ვარდნის (გადავარდნის) შედეგად ერთჯერადი დაცემით განვითარების შესაძლებლობას. შესაბამისად, ქარწყლდება დაცვის მხარის ვერსია, რომ გაგა სოფრომაძის დარტყმის შედეგად ამირან თაბაგარი გადავარდა სიმაღლიდან, ქვაზე თავი დაარტყა და სწორედ ამით გარდაიცვალა. ასევე ქარწყლდება მსჯავრდებულის პოზიცია, რომ უკვე გარდაცვლილი თაბაგარი ჩასვეს საბარგულში, რის გამოც სახეზე არ არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამირან თაბაგარის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ გაგა სოფრომაძემ განსაკუთრებული დაუნდობლობა გამოიჩინა ცემისას, გარდა ხელებისა და ფეხების გამოყენებისა, მოიმარჯვა ასევე ფიცრები, ქვები.

„როგორც მსჯავრდებული აცხადებს, მის მიერ თაბაგარის ცემა რამდენიმე ეტაპად მოხდა, მისი ჟინი და დაუოკებელი სურვილი, რომ დაზიანება მიეყენებინა მისთვის კი არ ცხრებოდა, არამედ უფრო და უფრო დიდ მასშტაბს იძენდა. მისი სისასტიკე ვერ გაანეიტრალა ადგილზე გამშველებლად მყოფი ნოდარ თოდაძის მოქმედებამაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე შეძლო და გაგასგან განაცალკევა გარდაცვლილი, მსჯავრდებული ისევ და ისევ ახალი ძალით იწევდა მისკენ და საბოლოოდ ამირან თაბაგარი მისი ცემის შედეგად სასიკვდილოდ დაზიანებული და „თავგახეთქილი“ აღმოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაგა სოფრომაძის მაპროვოცირებლად და მისი არასწორი წარმოსახვების გასაძლიერებლად გვევლინება სიმთვრალე“, - ვკითხულობთ განაჩენში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები გამოძიების მიერ ჩატარებული კვლევებისგან განსხვავებულ სურათს ვერ ხატავს და „მსჯავრდებულის მიზანმიმართული, ინტენსიური ქმედების (ცემის) გათვალისწინებით უპირობოდ მიუთითებს დამნაშავის განსაკუთრებულ სისასტიკეზე“.

თუ ტყუპი, გოგა სოფრომაძე ადგილზე არ იყო, ვინ სცემა გაგასთან ერთად ქვისა და ფიცრის გამოყენებით? ვინ ჩაკეტა თაბაგარი საბარგულში? ვინ შეიყვანა ტყეში, ვინ მოუჭირა თოკი? ვინ ამოიღო პლედი მანქანიდან?

აი, როგორ აღადგენს და აღწერს მომხდარს სასამართლო:

„ტაქსის მძღოლი, ამირან თაბაგარი გაგა სოფრომაძემ სოფელ ნავარძეთში სცემა. ის მთვრალი იყო. ფიზიკური ძალადობის მიზეზი ძველი დავალიანების გადაუხდელობის გამო შელაპარაკებას მოჰყვა.

გაგა სოფრომაძის ჩვენების გარდა, არაფერი ადასტურებს ვერსიას, რომ თითქოს ამირან თაბაგარი ცემის დროს ფერდობიდან გადავარდა, თავი ქვას დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი ცხედარი ბერთან მიყვანის მიზნით ავტომობილის საბარგულში მოათავსეს.

საქმის მასალების მიხედვით, ამირან თაბაგარის ცხედარი აღმოაჩინეს კაცხის სვეტისკენ მიმავალ გზაზე, თავზე ტომარაჩამოცმულ მდგომარეობაში. იქვე იყო ნაპოვნი დანაშაულის იარაღად მიჩნეული ორი ხის ფიცარი, სისხლიანი „ადიალა“ და ავტომობილის საბუქსირე თოკი, რომლებზეც დაზარალებულის სისხლის კვალი აღმოჩნდა.

სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა 122 დაზიანება. ჰქონდა. ჭრილობები, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რომლებიც მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, მკვრივი ბლაგვი საგნით ან საგნებით იყო მიყენებული.

ექსპერტიზისა და ექსპერტთა ჩვენებების მიხედვით, სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში დაზიანებები სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს იქნებოდა კონცენტრირებული.

ამირან თაბაგარს სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები ჰქონდა. ასეთ მდგომარეობაში გარდაცვლილის საბარგულში მოთავსების შემთხვევაში, ავტომობილში დიდი რაოდენობით სისხლი უნდა დაღვრილიყო, რაც ახლად გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა ავტომობილში სისხლის კვალი სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სახურავზეც, აღმოჩნდა, რაც, მიუთითებს, რომ მძიმედ დაზიანებული, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი ამირან თაბაგარი საბარგულში გარკვეული მოძრაობების შესრულებას ახერხებდა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა

მოსამართლეთა კოლეგიამ არ გაიზიარა დაცვის მხარის ვერსია, რომლის თანახმად, გაგა სოფრომაძე და ნოდარ თოდაძე ხრამიდან უკვე გარდაცვლილი ამირან თაბაგარის ცხედარს ამოათრევდნენ, რა დროსაც ის რამდენჯერმე გადაუგორდათ და სწორედ ამან გამოიწვია სხეულზე მრავლობითი დაზიანებები.

სასამართლოს შეფასებით, ეს მხოლოდ დაცვის მხარის ვერსიაა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

„ამირან თაბაგარის მკვლელობა სწორედ იმ ადგილზე მოხდა, სადაც მისი ცხედარი აღმოაჩინეს, და არა სოფელ ნავარძეთში, რადგან ამ უკანასკნელ ადგილზე მკვლელობის ჩადენის დამადასტურებელი რაიმე კვალი არ გამოვლენილა....

ამირან თაბაგარის სასტიკად ცემის შემდეგ გაგა სოფრომაძეს გაუჩნდა შიში, რომ დაზარალებული სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის შესახებ აცნობებდა. ამ მიზეზით მან გადაწყვიტა დაეფარა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სხეულის დაზიანების კვალი, რისთვისაც მძიმედ ნაცემი და წინააღმდეგობის გაწევის უნარდაკარგული ამირან თაბაგარი ცენტრალური გზიდან და სოფლიდან მოშორებით, დაუსახლებელ ადგილზე გადაიყვანა, რათა იქ მოეკლა“, - ნათქვამია განაჩენში.

სასამართლოს შეფასებით, სწორედ ამ მიზნით ამოიყვანა მან დაზარალებული დაბლობიდან და მოათავსა მისივე ავტომობილის საბარგულში. „ნოდარ თოდაძე საჭესთან იჯდა. ამირან თაბაგარს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ ჰქონდა და გაგა სოფრომაძისთვის მისი მოკვლა სირთულეს აღარ წარმოადგენდა“.

გაგა სოფრომაძე განაჩენს არ ეთანხმება. მას აინტერესებს, რით დასტურდება, რომ გარდაცვლილს ქვა ჩაარტყა, რატომ არ იყო თავზე ჩამოცმული ტომარა სისხლიანი, რატომ არ არის სისხლის კვალი კაცხში, რომელსაც დანაშაულის ადგილად მიიჩნევს სასამართლო?

„განაჩენში ჩემი დაჭრის ფაქტი არ არის ნახსენები, ასევე მე არსად მითქვამს, რომ ფიცარი ან ქვა გამოვიყენე და უფრო და უფრო გავცხარდი. სასამართლო ვერ ამბობს რა მოხდა კაცხში და რით მიიღო თაბაგარმა სასიკვდილო დაზიანება, თუ კაცხში მოკვდა და ახალგარდაცვლილისთვის დამახასიათებელია სისხლდენა, რატომ არ არის სისხლის კვალი კაცხში ან ტომარა რატომ არ იყო სისხლით გაჟღენთილი.. მე დაკავების დროს ვთქვი, რომ დამჭრა ადამიანმა და ჩხუბში შემომაკვდა“, - აცხადებს მსჯავრდებული გაგა სოფრომაძე.

თუ 2014 და 2026 წლის განაჩენებს ერთმანეთს შევადარებთ, ერთ დიდ განსხვავებას დავინახავთ - მომხდარიდან გოგა სოფრომაძის სახელი სრულად გაქრა, რაც მოსალოდნელიც იყო მისი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, თუმცა შეიძლება მხოლოდ ასე ამოიწუროს საქმე, რაზეც გოგა სოფრომაძე უსამართლო სასჯელს 11 წელი იხდიდა?

იურისტ გურო იმნაძის თქმით, გამამართლებელი განაჩენი თავისთავად არ პასუხობს კითხვას, რატომ გაატარა უდანაშაულო ადამიანმა წლები პატიმრობაში. ამის გასარკვევად მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რამ განაპირობა სასჯელი.

ის რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ სცენარს გამოყოფს:

  • ერთ შემთხვევაში, პირმა შესაძლოა თავად აღიაროს დანაშაული, თუმცა მოგვიანებით გაირკვეს, რომ ეს აღიარება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
  • მეორე შემთხვევაში, გამოძიება, პროკურატურა და სასამართლო შეიძლება კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, მაგრამ არსებული მტკიცებულებები არასწორად შეეფასებინათ ან მოგვიანებით გამოჩენილიყო ისეთი ახალი გარემოება, რომელმაც საქმის მანამდე არსებული ვერსია შეცვალა.
  • მესამე და სამართლებრივად ყველაზე მძიმე ვერსიაა, როდესაც პირის მსჯავრდება პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების არაკეთილსინდისიერმა ან დანაშაულებრივმა მოქმედებამ განაპირობა.

გურო იმნაძე, იურისტი

გურო იმნაძე, იურისტი

„ეს შეიძლება ყოფილიყო აღიარებითი ჩვენების იძულებით მოპოვება, მნიშვნელოვანი მტკიცებულების განზრახ დამალვა ან გამოძიების წინასწარ შერჩეული, მცდარი მიმართულებით წარმართვა. ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებულს მორალური ზიანის ანაზღაურება შეუძლია“, - ამბობს იურისტი.

გოგა სოფრომაძეს პროკურატურამ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად - 63 000 ლარი შესთავაზა.

მეორე მხრივ, განაჩენის გაუქმება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თავდაპირველი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს დანაშაული მოხდა. იმნაძის თქმით, ახალი მტკიცებულებით საქმის შედეგის შეცვლა და სახელმწიფო მოხელეების მიერ დანაშაულის ჩადენა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

პროკურატურამ გოგა სოფრომაძის გათავისუფლების მოთხოვნა სწორედ ისეთი ახალი მტკიცებულებების და გარემოებების აღმოჩენით ახსნა, რაც მანამდე მათთვის ცნობილი არ იყო.

„თუმცა მკვლელობის საქმეში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავდაპირველად მსჯავრდებული პირი 11 წლის შემდეგ გამართლდა, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, რა აღმოჩნდა ახალი მტკიცებულება, რატომ ვერ იქნა ის მოპოვებული ან შეფასებული წლების წინ და რა ნაბიჯები გადაიდგმება რეალური დამნაშავის გამოსავლენად“, - აცხადებს იურისტი.

მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გამო მოსამართლის დასჯას კანონი არ ითვალისწინებს, რადგან ეს მოსამართლის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. სხვაგვარად, პირველი ინსტანციის ყველა მოსამართლე შეიძლება პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, როდესაც სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მის გადაწყვეტილებას შეცვლის. სხვადასხვა მოსამართლემ ერთსა და იმავე მტკიცებულებებსა და სამართლებრივ საკითხს შეიძლება განსხვავებული შეფასება მისცეს.

„თუ სასამართლოს გადაწყვეტილება კორუფციულ გარიგებას ეფუძნებოდა, სამოსამართლო იმუნიტეტი მოსამართლეს ვერ დაიცავს. ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა დაეკისრება კორუფციული ქმედებისთვის და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მცდარი განაჩენი გამოიტანა“, - განმარტავს გურო იმნაძე.

რადიო თავისუფლებამ პროკურატურას ჰკითხა, დადგება თუ არა 11-წლიან უსამართლო პატიმრობაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა; დაიწყო თუ არა გამოძიება და დაიკითხნენ თუ არა ამ საქმის მონაწილე მხარეები: გამომძიებლები, პროკურორები, პოლიციელები, მოსამართლეები და რა ფორმით აანაზღაურებს სახელმწიფო იმ ზიანს, რაც 11 წლის შემდეგ გათავისუფლებულმა მიიღო?

პასუხი ორკვირიანი ლოდინის განმავლობაში არ მიგვიღია.

კიდევ, რა ვკითხეთ პროკურატურას - ჩამოშალე

1. თუ აღიარებთ, რომ მოქალაქემ 11 წელი დაყო ციხეში იმისთვის, რაც არ ჩაუდენია... რა ნდობა შეიძლება ჰქონდეს პროკურატურის მიერ მოძიებულ სხვა გარემოებებს?

2. დაიწყო თუ არა საქმის წარმოება იმ გამომძიებლების და პროკურორების წინააღმდეგ, რომლებიც ამ საქმეს იძიებდნენ და სასამართლოში წარადგენდნენ?

3. იმავე ძმებმა ბადრაგები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ძალადობაში დაადანაშაულეს. რა ეტაპზეა ამ საქმის განხილვა?

სოფრომაძეების ადვოკატმა უზენაეს სასამართლოში უნდა გაასაჩივროს სააპელაციოს მიერ უცვლელად დატოვებული განაჩენი. ის არ ეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიის მსჯელობას და კვლავ მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

ძალადობის შედეგად გარდაცვლილ 50 წლის ტაქსის მძღოლს, ამირან თაბაგარს, ორი შვილი დარჩა.

გოგა სოფრომაძე ციხეში მაშინ მოხვდა, როცა მისი ერთადერთი შვილი 11 თვის იყო. უდანაშაულოდ ცნობისა და გათავისუფლების შემდეგ კი ციხის კართან უკვე 11 წლის ელოდებოდა.

გოგა სოფრომაძე შიმშილობას აგრძელებს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის ციხის კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

სრულად წაკითხვა